.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » უროლოგია ცილა შარდში
14:05
უროლოგია ცილა შარდში



შარდში ცილის არსებობა ანუ პროტეინურია იმას არ ნიშნავს, რომ ცილა აუცილებლად თირკმლისმიერი წარმოშობისაა. შესაბამისად, შარდში ცილის გაჩენა ყოველთვის თირკმლის დაზიანების მანიშნებელი არ არის.


ჯანმრთელი ადამიანის შარდი ცილას არ შეიცავს, ანდა მისი შემცველობა არ აღემატება 0,03 გ/ლ-ს (ზოგიერთი ავტორის მონაცემებით, შარდში ყოველთვის არის უმნიშვნელო რაოდენობის, დაახლოებით 0,08 გრამი ცილა, ხოლო ნორმად ითვლება შარდში ცილის 0,14 გ/ლ-მდე შემცველობა). სისხლის ცილის ორი ძირითადი ფრაქციიდან შარდში, ჩვეულებრივ, ალბუმინები გადადის.

ამის გამო ხანგრძლივი პროტეინურიის შემთხვევაში აღინიშნება არა მხოლოდ ჰიპოპროტეინემია (სისხლში ცილის დაბალი შემცველობა), არამედ სისხლის ცილოვანი კოეფიციენტის დაქვეითებაც (სისხლის ცილოვანი კოეფიციენტი წარმოადგენს ალბუმინების პროცენტული მაჩვენებლის შეფარდებას გლობულინების პროცენტულ მაჩვენებელთან). შარდით, უპირველეს ყოვლისა, გამოიყოფა დაბალმოლეკულური ცილები, ხოლო მაღალმოლეკულური ცილების ექსკრეცია (გამოყოფა) თირკმელებით მხოლოდ მათი წინასწარი დანაწევრება-დაშლის (დახლეჩის) შემდეგ ხდება. ეს უკანასკნელი თირკმლის ფილტრაციისა და რეაბსორბციის (შეწოვის) დროს ფერმენტული და სხვა პროცესების ზემოქმედებით წარმოებს, ამიტომაც შარდში ყოველთვის აღმოაჩენენ ალბუმინებს. მათი შემცველობა შარდის ცილის 70 და მეტ პროცენტს აღწევს, მაშინ როცა გლობულინური ფრაქციის პროცენტული შემცველობა გაცილებით დაბალია და მეტად ვარიაბელურიც, ამიტომ შარდში ცილის არსებობას, გარდა პროტეინურიისა, ალბუმინურიადაც მოიხსენიებენ. გლობულინურია კი ალბუმინურიის დროს შარდში გლობულინების ფრაქციის მაღალი შემცველობაა. საყურადღებოა ისიც, რომ ჯანმრთელი ადამიანების შარდში 20-მდე ცილოვანი ფრაქციის აღმოჩენა ხდება. მათ შორისაა პრეალბუმინები, ალბუმინი, პოსტალბუმინები, სიდეროფილინი, ცერულოპლაზმინი, ჰაპტაგლობინები, იმუნოგლობულინები A, G და სხვა.  განასხვავებენ ცრუ და ჭეშმარიტ (თირკმლისმიერ) ალბუმინურიას. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შესაძლოა იყოს ფიზიოლოგიური, ფუნქციური და პათოლოგიური. ჩვეულებრივი ცილის გარდა, რომელიც გოგირდალბუმინისა და გოგირდგლობულინისგან შედგება, გარკვეულ შემთხვევებში შარდში შესაძლოა გაჩნდეს ძმარმჟავა-ცილოვანი სხეული და ე.წ. ბენს-ჯონსის ცილოვანი სხეულიც.


ცრუ ალბუმინურია
ცრუ ალბუმინურიის დროს შარდში ცილის გაჩენა ყოველთვის არ არის თირკმელებით მისი ელიმინაციის (გამოყოფის) შედეგი. ცილა შარდს შესაძლოა შეერიოს:

  • შარდგამომყოფი გზებიდან ანთებითი (კატარული) პროცესების დროს;
  • თირკმლის ფიალებიდან ჩირქოვანი პროცესების გამო;
  • შარდსაწვეთებიდან;
  • შარდის ბუშტიდან.

ცილა შარდში შესაძლოა მენსტრუალური სისხლის ან საშოდან გამონადენის შერევის შედეგად გაჩნდეს. ასეთ შემთხვევებში ცილის შემცველობა 1%-ს არ აღემატება.
 

ჭეშმარიტი ალბუმინურია

ფიზიოლოგიური ალბუმინურია
ფიზიოლოგიურ ალბუმინურიას მიეკუთვნება შარდში ცილის დროებითი გაჩენის ისეთი შემთხვევები, რომლებიც დაავადებებს არ უკავშირდება. ასეთი ალბუმინურია შესაძლოა ჯანმრთელ ადამიასაც განუვითარდეს არადენატურირებული ცილებით მდიდარი საკვების (უმი კვერცხის, ანადუღარი რძის და ა. შ.). მიღების შემდეგ. მას ალიმენტურ ალბუმინურიასაც უწოდებენ. ყველაზე ხშირად ფიზიოლოგიური ალბუმინურია ვითარდება ძლიერი კუნთოვანი დაძაბვის, ხანგრძლივი მოგზაურობის, სპორტული შეჯიბრების, აგრეთვე - ცივი შხაპისა და აბაზანის შემდეგ. საზოგადოდ, გაციების გამო შარდში ცილის გაჩენას თირკმელების სისხლის მიმოქცევის რეფლექსურად აღმოცენებული დარღვევით ხსნიან. მიიჩნევენ, რომ პროტეინურიის იგივე მექანიზმი ირთვება ინტენსიური ინსოლაციის პირობებში, როდესაც ინსოლაციაზე ვითარდება კანის ძლიერი რეაქცია. ფიზიოლოგიურმა ალბუმინურიამ შესაძლოა თავი იჩინოს ტვინის შერყევის დროს, აგრეთვე - ეპილეფსიური გულყრის შემდგომ პერიოდში (ე.წ. ცენტროგენული ალბუმინურია). ფიზიოლოგიური ალბუმინურიის მიზეზი ხშირად ძლიერი ემოციაა. ე.წ. ემოციური ალბუმინურია აღენიშნებათ, მაგალითად, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს ძლიერი ნერვული დაძაბულობის გამო გამოცდების პერიოდში.


ფუნქციური ალბუმინურია
ფუნქციური ალბუმინურია გულისხმობს შარდში ცილის გაჩენის ისეთ შემთხვევებს, რომლებიც თირკმელების ორგანულ დაავადებებს კი არ უკავშირდება, არამედ განპირობებულია ორგანიზმში მიმდინარე გარკვეული ფუნქციური დარღვევებით. ფუნქციურ ალბუმინურიას, უპირველეს ყოვლისა, მიაკუთვნებენ ციკლურ ან, როგორც მას უწოდებენ, ორთოსტატიკურ ალბუმინურიას. მისი მაგალითია ასევე შეგუბებითი და ალერგიული ალბუმინურია. ფუნქციური ალბუმინურია ვლინდება სხვადასხვა სახის ფსიქიკური და ნერვული დაავადებების დროსაც. ორთოსტატიკური ანუ ყმაწვილთა (მოზარდთა) ალბუმინურია ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში (7-დან 15 წლამდე) გვხვდება. ასეთ დროს, ჩვეულებრივ, სირთულე იჩენს თავს ალბუმინურიის ბუნების დადგენისას. აღნიშნული ტიპის ალბუმინურია, როგორც წესი, სუსტ, ფერმკრთალ, თავის ტკივილების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს აღენიშნებათ. გულის დეკომპენსაციის დროს თირკმელებში განვითარებული შეგუბებითი პროცესებიც შეიძლება ფუნქციური ალბუმინურიის მიზეზად იქცეს. ალბუმინურია ზოგჯერ ამა თუ იმ პათოლოგიური პროცესიის დროს ქვედა ღრუ ვენაზე ზეწოლის შედეგია.

კატეგორია: ♥სასიყვარულო რჩევვა | ნანახია: 1954 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]