.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 16 » რჩევები ორსულებს
12:38
რჩევები ორსულებს


_ სამწუხაროდ, დღევანდელ დროში ბევრ ადამიანს უჭირს და ორსულობა უამრავი ოჯახისათვის  სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ფეხმძიმე ქალს ანალიზები, გამოკვლევები, ექოსკოპიები, კარგი კვება, სულიერი და ფიზიკური ხელის შეწყობა და მშობიარობისათვის საფუძვლიანი ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება. ორსულმა ქალთა კონსულტაციას 12 კვირის ვადამდე აუცილებლად უნდა მიაკითხოს, რადგან სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება ჩანასახის ორგანოები და ნერვული ღერო. ოთხ ვიზიტს ორსულს სახელმწიფო უფინასებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან დღევანდელ დროში კვლევების სპექტრი გაცილებით გაფართოვებულია. აუცილებელია ყველა ორსული შემოწმებული იქნას ორსულთა ინფექციებზე. ნაცხის მიკროსკოპიული გამოკვლევის არასასურველი შედეგის შემთხევვაში, საჭიროა ნაცხის ბაქტეროლოგიური კვლევა, სადაც გამახვილებიული უნდა იყოს ყურადღება ბეტა-ჰემოლიზურ სტრეპტოკოკზე, რისი არსებობა ნაცხში ნაყოფის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ორსულთათვის აუცილებელია ფარისებული ჯირკვლის ჰორმონების ტიტრის განსაზღვრა, რომელთა არასასურველი მაჩვენებელი საფრთხეს უქმნის ორსულობის პროგრესირებას. ასევე საჭიროა ყველა ორსულს გაუკეთდეს კუაგულოგრამა. თუნდაც ქალს ეს ყველაფერი წესრიგში ქონდეს, მას მთელი ცხრა თვის განმავლობაში მაინც უამრავი დისკომფორტი ექმნება, რომელიც შეიძლება ღებინებით, გულძმარვით, სტრიებით, თავბუსხვევით, ფეხების შესიებით, უმადობით ან გაძლიერებული მადით გამოიხატოს. ამიტომ მინდა,  სასარგებლო რჩევები მივაწოდო ფეხმძიმეებს, რადგან სახლიდან გაუსვლელად შეძლონ დისკომფორტთან გამკლავება. 

_ დავიწყოთ კვებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ორსული ქალებისათვის...

_ კვებას ფეხმძიმობის პერიოდში დიდი მნიშვნელობა აქვს. დიეტას თუ არ დაიცავთ, შეიძლება ამან მშობიარობის გართულება გამოიწვიოს. ყველა ორსულს ვურჩევ, რომ სამივე ტრიმესტრში, თითო თვის განმავლობაში, ყოველ დილას, მონაცველობით ერთი ჭიქა სტაფილოს და ვაშლის წვენი დალიონ. როდესაც გამოწურავენ სტაფილოს, მასში უნდა გახსნან ერთი ჩაის კოვზი უქოლესტერინო ზეთი. ეს ხელს უწყობს ბეტაკაროტინების შეწოვას, რომლის წყაროა სტაფილო. რაც შეეხება ვაშლს, იგი ცარიელი რკინაა. ყველა ორსულს ვასმევ ლიმნიან და  თაფლიან წყალს, თუ მას სისხლის მომეტებული შედედებისაკენ მიდრეკილება არა აქვს. ამ დროს ძალიან კარგია გარგარის ჩირი, ქიშმიში, ნუში, ნიგოზი, მწვანე სალათის ფოთლები, ცოტა ოხრახუში.  ძილის წინ კი სასურველია ორსულმა ერთი ჭიქა თბილი რძე ან კეფირი მიიღოს. ორსულებს ხშირად შეამჩნევთ უცნაურ ჟინიანობას, მაგალითად უყვარდებათ ან სჯავრდებათ ესა თუ ის საკვები. ზოგჯერ კი მჟავე და ზედმეტად მარილიან კერძებს ეტანებიან. ეს მათთვის სრულიად ბუნებრივია. პირველ ტრიმესტრში ორსულებს შეუძლიათ მიირთვან ორაგული, სკუმბრია, უმარილო ან ოდნავ მარილიანი ქაშაყი. ისინი უნდა მოერიდონ შებოლილ პროდუქტს, ხოლო თუ ბევრ მარილიან საკვებს  მიირთმევენ, ეს შეიძლება შეშუპების მიზეზად ექცეთ. მჟავე ხილიდან სასარგებლოა კივი, ანტონოვკას ჯიშის ვაშლი. ზოგჯერ ორსულებს მადის გაუკუღმართება აღენიშნებათ. ეტანებიან ქაღალდს, კირს, მიწას და ცარცს. ასეთ დროს ექიმის კონსულტაციაა საჭირო, რადგან ორგანიზმი იმ ნივთიერებებს ითხოვს, რომლებიც აკლია. Aამ დანაკლისის შესავსებად კი დიეტასა და მკურნალობაში ცვლილებების შეტანაა აუცილებელი. თუ ცარცს მადიანად მიირთმევთ, ჩანს კალციუმი გაკლიათ, ეს იმიტომ, რომ თქვენი პატარა თავისი ძვლების ასაშენებლად თქვენს მარაგს იყენებს. ასეთ შემთხვევაში მიიღეთ კალციუმით მდიდარი საკვები: ხაჭო, რძე, თევზი. ფეხმძიმე ქალი უნდა ერიდოს ტკბილ და მწარე საკვებს. მუქ ჩაის და ყავას. ასევე ღორის და ცხვრის ხორცს. მის კვების რაციონში აუცილებელია შედიოდეს მოხარშული საქონლის ხორცი, ენა, თევზი, უცხიმო ქათამი და ჩაშუშული ღვიძლი. მერწმუნეთ, თუკი ქალი დაორსულებისთანავე ასე შეუწყობს თავს ხელს და აუცილებელ ანალიზებს ჩაიტარებს, მას მშობიარობის დროს არანაირი პრობლემა არ შეექმნება, ხოლო მისი ბავშვი ჯანმრთელი დაიბადება. 

_ ბევრი ქალისათვის სერიოზულს პრობლემას წარმოადგენს სტრიები. როგორ ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ?

_ სტრიების წარმოქმნას იწვევს კანის დაჭიმვა, რომელიც სკდება იმ შეთხვევაში, თუ ელასტიური არ არის. ამ ნახეთქების თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე უკვე გაჩენილი სტრიების მოშორება. თუკი ნახეთქები ჯერ არ გაჩენილა, ორსულებმა რეგულარულად უნდა დაიმუშაონ მკერდის, თეძოებისა და მუცლის კანი სპეციალური დამარბილებელი კრემებითა და შრატებით, რომლებიც მდიდარია კოლაგენითა A და E ვიტამინებით. აუცილებელია ორსულმა ქალმა საორსულო ბანდაჟი ან ქამარი ატაროს, რაც თავის მხრივ სტრიების წარმოქმნას შეუშლის ხელს. საჭიროა კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად ორსულმა მიიღოს დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული. 

_ რატომ ეკვანძებათ ორსულებს ფეხები და როგორ გავუმკლავდეთ ამ სიმპტომს?


_ ორსულობა ქალის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდია, თუმცა ის სასიამოვნო განცდებთან ერთად პატარ-პატარა პრობლემებსაც უკავშირდება. სწორედ ეს პატარა პრობლემაა ფეხების გაკვანძა, რომელიც კალციუმის ნაკლებობის  და პოთრომბინის მომატებული ინდექსის დროს აწუხებთ ქალებს. პირადად მე, ყველა ორსულს თევზის ქონსა და კალციუმს ვუნიშნავ. სამწუხაროდ, 90 პროცენს ხაჭო ეზიზღება. არა და ზუსტად ხაჭო შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს. ასე, რომ თუ ამ პრობლემამ შეგაწუხათ, ჩაიტარეთ ანალიზი სისხლის შედედებაზე. მიირთვით დიდი რაოდენობით ხაჭო და მიიღეთ კალციუმი.

_ ზოგიერთი ქალი, მთელი ორსულობის მანძილზე ღებინებით იტანჯება... რა რჩევას მისცემთ მათ მდგომარეობის შესამსუბუქებლად?

_ აუცილებელია, ორსულმა ჭამოს ცივი საკვები და მცირე ულუფებით. ერიდონ გამაღიზიანებლებს. ცხარე და მჟავე, ზედმეტად მარილიან საკვებს. არსებობს წამლები, რომლებიც ამ დრო ინიშნება. ესენია: ხოფიტოლი, დოპროკინი, მოტილიუმი, ცერუკალი და ა.შ. 

_ რა იწვევს თავბუსხვევს?

_ ძირითადად თავბრუსხვევას იწვევს დაბალი წნევა, რომლის დროსაც კარგია ბე ჯგუფის ვიტამინების მიღება. ელეუტერაკოკის წვეთები, ჟენშენის ნაყენი და კოფეინი მცირე დოზით. ორსულებს ზოგჯერ მაღალი წნევაც აწუხებთ, რომლის დროსაც დასაშვებია კლოფელინის მიღება. გააჩნია წნევის გამომწვევ მიზეზს და მის სიდიდეებს. შესაძლებელია პაპავერინის სანთლები ან რუნატინი გამოვიყენოთ. ვისაც ეს ჩივილები აწუხებს სასურველია იწვეს შუადღის საათებში 11-დან 2 საათის ჩათვლით მარცხენა მხარეზე. კვების რაციონში მინინუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი მარილის რაოდენობა.

_ ფეხმძიმეები მალე იღლებიან... რა შეიძლება გააკეთონ გასამხნევებლად და დაღლილობის მოსახსნელად?

_ დაღლილობის შეგრძნებას ნაყოფის გაზრდა და თავად ორსულის წონის მატება იწვევს. ამიტომ ყველა ორსულმა გამუდმებით უნდა აკონტროლოს წონა. მაქსიმალური ზღვარია 13-14 კილო, რაც ორსულმა მეცხრე თვის ჩათვლით შეიძლება მოიმატოს. გაძლიერებულ მადას ზოგჯერ იწვევს შაქრიანი დიაბეტი, რომლის გამოკვლევაც აუცილებელია, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად. ფეხმძიმეებს წონის რეგულაციაში სუფთა ჰაერზე ხშირი სეირნობაც დაეხმარებათ, რაც ასევე ძალიან სასარგებლო და საჭიროა მათი ჯანმრთელობისათვის.

_ როგორ შეიძლება ვიბრძოლოდ გულძმარვის წინააღმდეგ?

_ ბევრ ქალს ეს უსიამოვნო შეგრძნება ორსულობის გვიანდელ პერიოდში უჩნდება. მიზეზი უბრალოა – ბავშვი იზრდება და ქვევიდან ავიწროებს კუჭს. ამ დროს კუჭსა და საყლაპავს შორის გამყოფი სპინქტერი დუნდება და მჟავე შიგთავსი საყლაპავში ხვდება. კუჭის მჟავა საყლაპავის ლორწოვან გარსს აღიზიანებს. სწორედ ეს იწვევს გულძმარვასა და წვის შეგრძნებას. გულძმარვა გაცილებით შემაწუხებელი ხდება მეორე, მესამე ტრიმესტრში. ამ დროს შესაძლებელია გარკვეული პრეპარატების მიღება, რომელიც მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს. მაგალითად: ფოსფალუგელი, მაალოქსი, ელკოპას პლიუსი და ა.შ. ასევე საჭიროა მწარე, ცხარე, მჟავე, და ცხიმიანი საკვების მიღებისაგან თავის შეკავება. ორსული ჭამის შემდეგ არ უნდა წამოწვეს. უმჯობესია სეირნობა, თუნდაც ოთახებში. კარგია გაზგასული მინერალური წყლის და ფერმეტების მიღება, რომელიც საკვების გადამუშავებაში გვეხმარება. მაგ: მეზიმფორტე, ფესტალი, პანკრეოფლატი და ა.შ.

_ როგორ უნდა მოემზადოს ქალი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მშობიარობამდე?

_ სასურველია ყველა ორსულმა ფსიქოლოგის კონსულტაცია მიიღოს, რათა უფრო მომზადებლად შეხვდეს მშობიარობის სირთულეებს.  ძალიან კარგია სიარული მშობელთა სკოლაში, სადაც მათ არა მარტო ფსიქოლოგიურად ამზადებენ, არამედ ავარჯიშებენ, ასწავლიან სწორად სუნთქვას, მშობიარობის შემდეგ პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვას, ბავშვის მოვლას და ა.შ. ჩემი რჩევა იქნება, რომ მომავალმა დედებმა მშობელთა სკოლაში იარონ. მოუცლელობის შემთხვევაში კი ჩვენი საიტი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ყველა ორსულს სახლიდან გაუსვლელად, ყველგვარი დროისა და თანხის დანახარჯის გარეშე უყურონ "იმედის კლინიკის” ონლაინ მშობელთა სკოლას. რაც მთავარია მაქსიმალურად შეინარჩუნონ სულიერი სიმშვიდე. მოემზადონ იმ ბედნიერებასთან და ასევე დიდ პასუხისმგებლობასთან შესაგებებლად, რომელსაც დედობა ჰქვია.
კატეგორია: ♥სასიყვარულო რჩევვა | ნანახია: 994 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]