.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » ფიზიკური განვითარება დღენაკლული ახალშობილი
13:53
ფიზიკური განვითარება დღენაკლული ახალშობილი



პედიატრიის ერთ-ერთი საჭირბოროტო საკითხია ნაადრევად დაბადებული ახალშობილი. რა შემთხვევაში ითვლება ბავშვი დღენაკლულად? რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ასეთი 
ახალშობილის მოვლა და აღზრდა? ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს ნეონატოლოგი  მედეა სიჭინავა.

- სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის მიხედვით, ახალშობილთა 3-16%-ს დღენაკლული ბავშვები შეადგენენ. მათ წილად მოდის პერინატალური სიკვდილიანობის 60%. ნეონატალურ პერიოდში დღენაკლულ ბავშვთა სიკვდილიანობა დროულ ბავშვთა სიკვდილიანობას 20-30-ჯერ აღემატება. ნაადრევად დაბადებულ ბავშვთა ასფიქსია, ბილირუბინული ინტოქსიკაცია უფრო ხშირია, დიდია ინვალიდობის პროცენტული მაჩვენებელიც.
დღენაკლულობა არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალური პრობლემაც არის. დღენაკლულ ბავშვთა განვითარების მანკი 10-ჯერ უფრო ხშირია.
დღენაკლულ ბავშვთა სიცოცხლისუნარიანობის გასაძლიერებლად იქმნება სპეციალური სამშობიარო სახლები ნაადრევად მშობიარეთათვის და სპეციალური განყოფილებები დღენაკლულ ბავშვთა გამოსაზრდელად მკურნალობის მეორე ეტაპზე.

- როდის ითვლება ახალშობილი დღენაკლულად?

- დღენაკლულს უწოდებენ ორსულობის მე-40 კვირას დაბადებულ ახალშობილს, რომლის სხეულის მასაა 1000-2500 გრამი, ხოლო სიგრძე - 35-40სმ. თუ ახალშობილის სხეულის მასა 1000გ-ზე ნაკლებია, სიგრძე კი - 35 სმ-ზე ნაკლები, ასეთი შემთხვევა ითვლება გვიან აბორტად.
დღენაკლული ბავშვი დროულისგან განსხვავდება მორფოლოგიური და ფუნქციური ნიშნებით, რომელთა საფუძველი ძირითადად ბავშვის უმწიფრობაა.
სხეულის მასის მიხედვით დღენაკლულ ახალშობილებს შემდეგ ჯგუფებად ყოფენ:
I ჯგუფი - დაბადებისას სხეულის მასაა 1000-1500გ;
II ჯგუფი - დაბადებისას სხეულის მასაა 1501-2000გ;
III ჯგუფი - დაბადებისას სხეულის მასაა 2001-2500გ.

- რა იწვევს დღენაკლული ბავშვის დაბადებას?

- ნაადრევად მშობიარობენ 18 წლამდე ან 35 წელზე მეტი ასაკის, ასევე - დაბალი ტანის ქალები. ხშირად ნაადრევი მშობიარობის მიზეზია ორსულთა ტოქსიკოზი, განსაკუთრებით - ნეფროპათია, აგრეთვე - სომატური დაავადებები: ჰიპერტონიული დაავადება, რევმატიზმი, გულის მანკი, თირკმლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი; გრიპი და მწვავე რესპირაციული დაავადებები; ქრონიკული ინფექციები: ციტომეგალია, ქლამიდიოზი, ტოქსოპლაზმოზი, ათაშანგი, ლისტერიოზი, ბრუცელოზი.
ორსულობის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს სტრესი, პროფესიული დაავადებები, ალკოჰოლი, თამბაქო, ფიზიკური ტრავმა.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჰორმონულ დარღვევებსაც, განსაკუთრებით - საკვერცხის ფუნქციურ უკმარისობას და თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერფუნქციას.
ნაადრევი მშობიარობის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ხელოვნური აბორტი.
დღენაკლულობის გავრცელებული მიზეზია ნაყოფის გენეტიკური და ქრომოსომული დაავადებები, მისი მდებარეობის თავისებურებები. მენჯით წინამდებარეობის დროს ნაადრევი მშობიარობის რისკი იზრდება. ნაადრევ მშობიარობას იწვევს მრავალწყლიანობაც.
ასევე ვერ უგულებელვყოფთ სოციალურ და ეკოლოგიურ ფაქტორებს, მოსახლეობის კულტურის დონეს. უქმრო ქალები ნაადრევად ორჯერ უფრო ხშირად მშობიარობენ. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე კლიმატურ პირობებსა და წელიწადის დროსაც კი - შემჩნეულია, რომ დღენაკლული ბავშვები უმეტესად ზამთრობით და გაზაფხულობით იბადებიან.

- აქვს თუ არა დღენაკლულ ახალშობილს დამახასიათებელი გარეგნული ნიშნები?

- დროული ახალშობილისგან დღენაკლულის განსხვავება თვალშისაცემია: მას აქვს შედარებით დიდი ზომის თავი, მოკლე ფეხები, განლეული ცხიმოვანი შრე, რბილი და მოქნილი ძვლები; ყურის ნიჟარები მჭიდროდ არის მიბჯენილი ქალას ძვლებს, რაც ნიჟარის ხრტილთა უმწიფრობაზე მიუთითებს; ბიჭებს სათესლე ჯირკვლები არ აქვთ ჩამოსული სათესლე პარკში, გოგონებს კი დიდი სასირცხო ბაგეები მცირეს ვერ უფარავს.
გარეგნულ ნიშნებთან ერთად დღენაკლულებს გამოარჩევს ორგანოებისა და სისტემების უმწიფრობა.

- რით გამოიხატება ორგანოთა და სისტემათა უმწიფრობა?

- ბავშვის ორგანიზმის გარემოსთან შეგუება ძირითადად ნერვული სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. დღენაკლული ბავშვის ორგანიზმში ჯერ კიდევ არ არის დასრულებული თავის ტვინის ქერქისა და ქერქოვანი ცენტრების დიფერენცირება. უპირატესობა ენიჭება ქერქქვეშა მოქმედებებს - მოსვენებისას ხელისა და ფეხის არაკოორდინირებულ, უწესრიგო, ქაოსურ მოძრაობებს. აღინიშნება ადინამია, საერთო სისუსტე, წამოკნავლებისებური ტირილი, წოვის რეფლექსი შესუსტებულია ან საერთოდ არ არის.
ნერვული სისტემის უმწიფრობა, მისი მარეგულირებელი სისტემის არასრულფასოვნება, მოქმედებს სხვა სისტემებისა და ორგანოების ფუნქციებზე.
დღენაკლული ბავშვის ფილტვები ღარიბია ელასტიკური ბოჭკოებით, რომლებიც განაპირობებს სუნთქვისას ფილტვის ქსოვილის გაშლა-შეკუმშვას. ამის გამო ბავშვს შესაძლოა დიდხანს დარჩეს ფილტვის ქსოვილის გაუშლელი უბნები - ატელ¬ექტაზი.
ფილტვის არასრული გაშლა და ზერელე სუნთქვა კომპენსირდება სუნთქვის გახშირებით. მაჯისცემის სიხშირე საკმაოდ მერყეობს.
სისხლძარღვთა მომატებული განვლადობის გამო ორგანიზმი მიდრეკილია სისხლჩაქცევებისკენ, ჟანგბადოვანი შიმშილის დროს სისხლძარღვთა განვლადობა კიდევ უფრო იმატებს.
დღენაკლულ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ სხეულის ქვედა სეგმენტებში სისხლის შეგუბება, რაც ვლინდება აკროციანოზით - ტერფებისა და მტევნების მოლურჯო შეფერილობით.
პირის ღრუს სიმცირის გამო ენა მთლიანად ავსებს მას. ბავშვი მიდრეკილია წამოქაფებისკენ. ღვიძლი დიდი ზომისაა და თითქმის მთლიანად ფარავს კუჭს. ფიზიოლოგიური სიყვითლე ხანგრძლივდება. თირ¬კმელები არასრულად არის დიფერენცირებული. პირველ დღეებში შარდვა იშვიათია, შარდის ოდენობა - მცირე, შემდეგ კი თანდათან იმატებს. პირველ დღეს შარდი უფერულია, ხოლო მე-2-3 დღიდან - ინტენსიური ყვითელი შეფერილობისა. წყლისა და მინერალური ცვლა ლაბილურია. ბავშვი მიდრეკილია როგორც შეშუპების, ისე გაუწყლოებისკენ. შეშუპების ერთ-ერთი საშიში გამოვლინება, სკლ¬ერედემა, უმეტესად ღრმა დღენაკლულობისას ვლინდება.
არასრულფასოვანია თერმორეგულაცია. ბავშვები ადვილად გადაცივდებიან და გადახურდებიან, მათი სხეულის ტემპერატურა ძირითადად გარემოს ტემპერატურით განისაზღვრება, ამიტომ ოთახში უნდა იყოს სტაბილური ტემპერატურა არანაკლებ 22 გრადუსისა.

კატეგორია: ♥სასიყვარულო რჩევვა | ნანახია: 1192 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]