.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » ნიკო გომელაური
21:04
ნიკო გომელაური

ოპტიმისტური ლექსი

კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ... იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ... არ მცვივა თმა.

თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა...
მაინც მოვწონვარ ქალს.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.
***
ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:

როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ,
,,მაგრამ" და ,,სამაგიეროდ
***
როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :
***
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .
***
მოიწყინა ქვეყანამ, 
უკვე კარგა ხანია .
სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ,
ვეღარც კარგი ბანია .
***
ვეღარ გაგვირჩევია
უცნობი და ნაცნობი . . .
მომავალი ჩვენია
- მომავალი ღვარცოფი . . .

მომავალი მეხია ,
მომავალი გვალვაა !
მუმლი გადაგვეხვია
წინ ჩირგვებში მალვაა . . .
***
ჭკუა აღმართს ვერა ხნავს ,
ბრბოს მაგივრად მრცხვენია . . .
და ამ ჩემს კარგ ქვეყანას
მაზედ მოუწყენია . . ..
***
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ - წმინდა სანთლის ღვენთი.
მე - გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი 
- აღარ ღირს დროის კარგვად.


მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა - წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . . .
კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 1155 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]