.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » ნიკოლოზ ბარატაშვილი (ბედი ქართლისა კახთა მიმართ) ნაწილი 2
19:44
ნიკოლოზ ბარატაშვილი (ბედი ქართლისა კახთა მიმართ) ნაწილი 2

მორბის არაგვი არაგვიანი,
თან მოსძახიან მთანი ტყიანნი,
და შეუპოვრად მოუთამაშებს
გარემო თვისსა ატეხილს ჭალებს.
ჰოი, ნაპირნო, არაგვის პირნო,
მობიბინენო, შვებით მომზირნო,
ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს,
ოდეს შვენება თქვენი იხილოს,
რომ თქვენს ბუჩქებში არა ჩამოხდეს,
რაც უნდა გზასაც ეშურებოდეს,
როგორ იქნება არ განისვენოს?
სამჯერ ხომ მაინც გადაჰკრავს ღვინოს,
ცხენს მოაძოვებს, თვალს მოატყუებს,
გამოიღვიძებს — შუბლს განიგრილებს,
ერთს ქართველურად კიდეც შესძახებს,
არაგვო, მაგ შენს ამწვანებულ მთებს,
და მერმე თუნდაც დაუგვიანდეს,
იგი იმისთვის აღარ დაღონდეს!
მზე დამავალი მოჰფენს სიამეს
მთიულეთისა ხეობის არეს,
და ამ მშვენიერ არაგვის პირებს
ძველი ჩარდახი ზედ გარდმოჰყურებს.
მუნ ბრძანდებოდა მეფე ირაკლი,
მოწყენის თვალით გარდმომზირალი;
დაფიქრებული თვისთა ზრახვათა
გაცაართობდა ქარვის მარცვალთა.
თან ახლდა მეფეს თავის მსაჯული,
ნიჭთა კეთილთა უხვად მორჭმული.
ვის არა გახსოვთ სოლომონ ქველი,
მეფის შინაყმა, ყმათ საყვარელი!
სადღა არიან აწ ესე კაცნი,
რომ არ გვალხენენ თათბირნი მათნი?
დიდხანს უჭვრეტდა მეფე მდუმარედ
არაგვის წყალთა, მდენთა მჩქეფარედ;
ბოლოს მახვრალმან უბრძანა მსაჯულს:
"შენ იცნობ კარგად, სოლომონ, ჩემს გულს,
შენ უწყი ქართლის აწ ვითარება,
მისი აწ ძალა, ყოფა, ცხოვრება;
ბევრჯერ რჩევანი შენნი, ვითა წყლულს,
მსალბუნებიან მე შეწუხებულს;
აწც ჩემს სულის ტვირთს, ჩემს გულის წადილს,
შენ გაგიმჟღავნებ, ვით საყვარელს შვილს!
არ მითვისებდა ქართველთა გული,

რომ ვიყავ მათი მეფე ეული;
ჩემი მეფობა ზე დავასრულე,
რომ ძლივს იგინი გავიერთგულე!
და ახლა, ოდეს ჩემს ხელმწიფობას
განუმზადებდი ჟამ-კეთილობას,
აი მის ნაცვლად რაი მომაპყრეს
მე ჩემთა ძეთა და ვინ ახარეს!..
ამიერითგან გაქეზებული

მაჰმად-ხანისა მოსისხლე გული
არ დაგვაწყნარებს სიამაყითა:
მას ჟამი შესწევს ყოვლის ღონითა;
ეს ხმა ლეკთაცა აგვიყაყანებს;
ოსმალი მხოლოდ დროს შემოჰყურებს,
და მტერნი ძლიერ მაშინ მოგვატყდნენ,
როს ყმანი ჩემნი ურთიერთს ბძარვენ!
მე თუმც კიდევ ვჰგრძნობ სულის სიმტკიცეს,
გარნა ღონენი წელთ წარმიტაცეს;
შენი ირაკლი ის აღარა ვარ,
პატარა კახად რომ გინახვივარ!
აბა რომელს შვილს ვხედავ ღირსეულს,
რომ ექმნას კვერთხად მამულს დარღვეულს?..
ჰოჲ, ღმერთო, ღმერთო, ამაზედ მეტად
ნუღარ განსწირავ ქართველთა ტანჯვად!
"აბა რას მირჩევ, ჩემო მსაჯულო?
კარგად იფიქრე, შვილო ერთგულო:
აწ განთქმულია რუსთა სახელი,
ხელმწიფე უვისთ ბრძენი და ქველი,
დიდი ხანია გვაქვს ჩვენ ერთობა,
მტკიცე კავშირი, — სარწმუნოება, —
მას მსურს, რომ მივცე მემკვიდრეობა,
და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა!\\\”
ამის გამგონი ჩვენი მსაჯული
უჭვრეტდა მეფეს განცვიფრებული:
მას არ სჯეროდა, რომ ირაკლის გულს
ხედვიდა იგი ესთ შეცვალებულს.
"რასა მიბრძანებ”, — ჰკადრა მან მეფეს, —
"ბატონო, ღმერთი გადღეგრძელებდეს,
ნუ გააგონებ მაგ ხმას ქართველთა,
ეზდენ შენზედა მსასოებელთა!
ჯერ სამაგისო რა გვემართება,
რომ განვისყიდოთ თავისუფლება?
იცი, მეფეო, რომე ივერნი
იქმნებიან რუსთ ხელთ ბედნიერნი?
სახელმწიფოსა სჯულის ერთობა
არარას არგებს, ოდეს თვისება
ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს.
ვინ იცის, მაშინ როგორ მოუხდეს
რუსეთის ძალი ქართლს აწინდელი:
ვით შეითვისოს რუსმა ქართველი,
ვით შეიწყნაროს რუსთ მეფობამა,
რაც მოისურვოს ქართველობამა?
მაშინ, მეფეო, რავდენთ კაცთ მართალთ
მოუკლან გულნი ტანჯვათ იდუმალთ!
მაშინ ირაკლის სახსენებელი
ვინღა ახსენოს, აწ საქებელი?
ნუ, ხელმწიფეო, მას ნუ ინებებ;
შენგან კი მაგას ნუ გაგვაგონებ,
და მერმე ქართლი ვინც ვერ განაგოს,
მაშინ მან უწყის, რაც მოაგვაროს.
ხოლო ირაკლი ვიდრე ჰყავთ ქართველთ,
უბედურებაც ბედნიერ აქვნდეთ!”
"ჩემო სოლომონ”, მეფემ უბრძანა,
"მე ეგ ყოველივ არ ვიცი, განა?
მაგრამ კეთილთა დღეთათვის ქართლის
რა მოვაგვარო უმჯობეს ამის?
მე არა ვფიქრობ, ვითარცა მეფე,
თვისს დიდებისთვის სისხლთა აღმჩქეფე;
არამედ ვითა მამა კეთილი,
რომელსა სურს რომ თავისი შვილი
თვის სიცოცხლეშივ დაასახლკაროს.
ძნელ არს ცხოვრება სამეფოსი, როს
უჭვრეტდეს იგი ომსა დღე-დღითი!

კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 1306 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]