.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » ნიკო გომელაური
21:06
ნიკო გომელაური


***
არათავმდაბლური ლექსი 
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
***
ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!
***
ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.
***
თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?
***
10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის 
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი 
საუკუნეა რაც შეგიყვარე
***
. . .

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.
***
როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.
***
ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.
***
ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.
***
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა... 
***
ღმერთმა ასე ინება
-მიგვაქანებს დინება...
***
მე კი, თუნდაც მისტვინოთ
(ჩემთვის დიდი ქებაა),
ვცურავ საპირისპიროდ
-ესეც მისი ნებაა... 
***
აღარ გვჯერა სასწაულის
(ამიტომაც გაჭირდა),
არც მომავლის, არც წარსულის...
ადრე, მსგავსი არ გვჭირდა.
***
დავიპყარით უკვე მთვარე
-განა კვლავ ქალწულია!..
ჩემთვის კი, რომ შემიყვარე,
ესეც სასწაულია... 
***
ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?! 
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით... 
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები, 
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 868 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]