.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 29 » მის სამყაროში ისევ ცვივა ყვითელი ფოთლები
21:06
მის სამყაროში ისევ ცვივა ყვითელი ფოთლები


მის სამყაროში ისევ ცვივა ყვითელი ფოთლები, მის სამყაროში ძლიერ აცივდა. სიცივემ ჯერ თითები დაულურჯა, შემდეგ სხეული აუკანკალა, ბოლოს სულში ჩაუძვრა. იქვე გაიცნო მარტოობა, სევდა გულში ჩაიკრა. ტკივილს ებრძოდა, ახალ მეგობრებსაც, თუმცა სამივე ძლიერ უყვარდა. გაიქცა, ფოთოლცვენას გაეკიდა, ზამთრის ეშინოდა. და მაინც, ეფინებოდა სევდიან ქალაქს უდროო თოვლი. მუხლებზე დაცოცავდა, თეთრ საფარში შემოდგომის ნაკვალევს ეძებდა. უშედეგოდ. ატირდა კიდეც. ხის ძირას ზღარბივით შეიკუმშა, ახალ დღეს უცდიდა… დილას მზე არ ამოსულა.
 სულს მიღრღნიდა რაღაც სინანული, ვეღარ მოვითმინე, ვთხოვე ზეციერს მეზღაპრის როლი, გოგონას სამყაროში მოვისურვე შესვლა. დიდხანს მიყურა თეთრწვერა ბერმა, მასსაც აწვალებდა რაღაც. უკითხავად ამომგლიჯა სული, ზეცის დარაჯმა. მის სამყაროში მომცა მეზღაპრის პერსონაჟი…
 დათოვლილ ტყეში ამერია გზები. დიდხანს ვეძებდი ჩემი მოსვლის აუხსნელ მიზეზს. მას შემდგომ გავიდა ცივი ზამთარი, და ისევ ცვიოდა მის სამყაროში ყვითელი ფოთლები. სადღაც ახლოს იყო, ძალზე ახლოს. ხანდახან მესმოდა კიდეც მისი სუსტი გულისცემა, შევიგრძნობდი მის მძიმე სუნთქვას. ხანდახან ის მთელი სამყარო იყო, ხანდახან კი მხოლოდ ერთი ფოთოლი. ის არასდროს იყო თოვლი, მას ის არ უყვარდა. სხვა დრო არც ენახა. დილაობით მზე არ ამოდიოდა…
კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 975 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]