.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » გიორგი ზანგური ( ცოცხალი გვამების გალია )
19:57
გიორგი ზანგური ( ცოცხალი გვამების გალია )

თოვლი და გრიგალი, ყინულის მესერი,
ეპოქა _ ცოცხალი გვამების გალია
კრავივით გაწირავს სერგეი ესენინს
რუსეთის სამეფო პოეტი მკვდარია.

გაუწყდა ხმასავით მერცხლების ჭიკჭიკი _
სტრიქონის მარყუჟი პაოლო იაშვილს,
მოესმა ლულიდან ტყუპების ტიკტიკი,
საყელოს ისწორებს სარკეში _ ტყვიაში.

_ ვერავინ ნახეთ ტიტებში ტიტე?
_ ვეძებეთ ყველგან, მზეშიაც არ ჩანს!
ლექსების საცავს დაემსხვრა კლიტე
და მარგალიტი მოპარეს მარჯანს.

კოლაუს ისევ აციებს ტანში,
ბოლო შემორჩა წუხილის სუფრას.
ბოშებმა გუშინ დამარხეს ბავშვი,
მეზობლის ბავშვი უმანკო, სუფთა.

_ წისქვილის ლოდი შეჩერდა, გოგლაა!
_ სადა ხართ, ძმებო _ ჭადრებო, ქარში?!
მერე გადედლდა და ნისლი მოკლა,
რძესავით ნისლი ურძეო ქალში.

გედივით გაქრა ლანდი კარმელი
და სამოთხისკენ ცეკვით აცილებს
ცეცხლის ენაზე მდგარი კარმენი,
თოვლის ზეწარში ია საძილე.

ტერენტი დადის ხან უკან, ხან წინ.
ყურებთან წვიმა ჩურჩულებს მკვეთრი.
ცისფერი, ცისფერი, ცისფერი ყანწი,
ღვთიური ბოდვა _ იესოს ხვედრი.

კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 858 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]