.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 17 » ბესარიონ გაბაშვილი სევდის ბაღს
01:21
ბესარიონ გაბაშვილი სევდის ბაღს

სევდის ბაღს შეველ შენაღონები:
მოკრეფად მსურდა ვარდის კონები.
ვარდმან შემრისხა თავ-მომწონები,
ისარი მყორცა დასამონები,
სრულად მიმიღო ყოვლი ღონები;
მითხრა: „იფიქრე გულს-ნაქონები;
მისთვის იქმნები დასაყოვნები!"
ვერ მივხვდი მახვილ-განაწონები ;
მისთვის შევიქმენ ცრემლთა ფონები!
იასა ვჰკითხე, – მუნ იდგა ნაზი:
„ვარდსა რა ვუქმენ კართა სარაზი?
„ამაყად მწყრალი ვნახე ლამაზი!"
მანცა გამაგდო: „გარეგან – გაზი,
„შენგან გვაჩნია გულებსა ხაზი!
„სიხარულიდამ დაბლა კერძ დაზი!
„შენს გულსა ჰკითხე, მიაპყარ გაზი!
„შენის გონებით იქნები რაზი:
„ჩვენ დაგვთმეო და სხვას ემონები!"
რა ია გამიწყრა, ნარგიზს მივმართე,
სისხლის ცრემლითა სიტყვანი დავრთე;
ვეუბნებოდი: „შენ წარმიმართე
იწროს გზის პოვნად! გზები გაქვს ფართე!
ჩემსა ნუგეშსა ხელი შემართე:
ვარდს მამუდარე, ალერსი ჩართე.
შავ-გულსა ლხინი შენ მოუსართე.
შემომითვალოს, რა უკუღმართე?
რად მომიგონა მოუგონები?"
ნარგიზი ვნახე შებრალებითა,
ცრემლსა სცვარვიდა მორიდებითა;
მითხრა: „ყარიბო!" მონაზებითა:
„ვარდი მით არის გულ-დაკლებითა,
„რომ შენი იყო თავ-დადებითა, -
„შენ რისთვის დაჰსთმე სხვისა ხლებითა?
„თავი მოსწონდა, ჰყვანდი ნებითა; -
„რად გიკვირს, გასწყრეს ცეცხლ-მოდებითა?
„ნაცვალი მოგხვდა დანახსოვნები!"
დავბრუნდი ყოვლგნით შეუბრალები;
ბაღის კარს დავჯექ შენაძალები,
ცრემლით აღმევსნეს მწირნი თვალები;
ვიყავ ბედისა დამაბრალები.
ვინცა მნახვიდენ დამაშვრალები,
შეიქმნებოდენ ჭირ-ნაკრძალები.
მეც მომხვდა სოფლის მკვლელი ბრჭალები!
ბესიკი სიკვდილს არ ვემალები,
თავი მაქვს მისთვის შენაწონები!


კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 853 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]