ათასი ჯურის და ჯილაგის ფუთფუთებს ხალხი, ბედმა უსაგზლა ზოგს ნიჭი და ზოგს უნიჭობა, ათასი ზომის და სისწრაფის ტრიალებს ჩარხი; _აჰა,ბურთი და მოედანი და ჰა ბიჭობა! ზოგი ტყუილად ფახიფუხობს მთელი ცხოვრება და იზმორება ლოკოკინის ზანტი ზმორებით, ზიგს ეჭვი ტანჯავს,ზოგსაც შიში და გაორება, ფრთხილობს და მაინც უშვებს შეცდომებს განმეორებით. ზოგი საკუთარ საზომ-ადლით ზომავს სამყაროს და საკუთარი კალაპოტით მიჰყავს დინება, (რამდენი ნაღდი გრძნობა უნდა დაასამარო, რომ შეძლო ,,ამა ქვეყნის მძლავრთა”მონადირება); ზის სავარძელში,შეხედავ და კაცი გგონია, აღმჩნდება კი ავაზაკი,პირწავარდნილი, სამშობლო მხოლოდ საყვავილე მიწა ჰგონია და იფურჩქნება უსირცხვილოდ წითელ ვარდივით; მაგრამ ბევრისთვის საქართველო მაინც ტვირთია, ბეწვის ხიდია,უფსკრულებზე გადამავალი, საბედნიეროდ, ეს ტკივილი ბევრს უტვირთია, საუბედუროდ,უნაყავს წყალიც,როგორც წამალი; და თუ ეს ლექსიც წყლის ნაყვაა_ღმერთმა შემინდოს, შეგვინდოს ისიც,თუ გვინდა და ვერ გვიშველია, მაგრამ,ქართველნო,ამ სილაჩრეს ვინღა შეგვინდობს, შევცქერით მეფეს და ვერ გვითქვამს,რომ....შიშველია!
ნ.კოლხი
|
,,...გზა იყო ძნელი,გზა იყო შორი, ბედმა ქარიშხალს არ ამარიდა და გავიარე ჩემი გოლგოთა, ჩემი სცილა და ჩემი კარიბდა.
მე მივდიოდი სასტიკი გზებით, და როგორც ორი დიდი ნუგეში_ სულში ლურჯი ცის ნატეხი მედო და გვირილების თესლი უბეში;
მე მივდიოდი უვალი გზებით და ცივი ქარი სახეში მცემდა, და წარმავალი იყო ყოველი, მარადიული_მარტოდენ სევდა.
რაც ჩემი იყო,კარგიც და ავიც, ყოველთვის გულით მიტარებია, თუ მწამდა_გულით,თუ მძულდა გულით და არც უგულოდ არ მყვარებია.
მე მივდიოდი მშფოთვარე გზებით, არც მდომებია ცხოვრება მდორე, მგონი გადავრჩი,მგონი მოვედი, გავივაკე და გავიმინდორე;
გზა იყო ძნელი,ზა იყო შორი...”_ მე ასე ვიტყვი ოდესმე, მაშინ... და ლურჯ მინდვრებზე თბილი უბიდან გვირილების თესლს მოვაბნევ ქარში.
ნ.კოლხი
|
ცის სილურჯეს ნაცრისფერი მორევია, სველ-სველ ღრუბლებს ქარი ხევში ჩარეკავს, _ეს ცხოვრება მწუხარების მორევია!”_ სულში უხმო ზანზალაკი დარეკავს.
რას იღონებ...თუ ოდესმე გეწადა ხსნა, მოვა თოვლი და წამწამებს აგიწვავს, მოგწყინდება,მოგინდება ზეცად ასვლა_ ვერ მოსწყდები,ვერ გასცდები ამ მიწას;
არ გეგონა თუ ცხოვრება გააგრიყავდა, შეაწყდება დრო-ჟამს ხსოვნის აბზინდა, წავა ყველა,წავა ყველა ვინც გიყვარდა, ცას ახედავ დავიწყების ხავსიდან.
ლურჯ მწვერვალებს ნაცრისფერი მორევია და ღრუბელი ხევ- ხევ დადარდიანობს... ,,_ეს ცხოვრება თურმე სევდის მორევია!”_ სულში თითქოს ქარიშხალი ხმიანობს.
ნ.კოლხი
|
მე მუდამ ჩემი სამყარო მქონდა, სულ სხვა თვალებით შემოხაზული, სულ სხვანაირი ნიავი ქროდა, სულ სხვანაირი მქონდა წარსული.
უწყალო სევდა დაჭრილ არწივის არც ახალია და არც ძველია, ეს ყველაფერი არის მარტივი და ყველაფერი მაინც ძნელია;
გრძნობები გულში გავლილი მწკრივად, უნდა შეძლო და მობოჭო მუჭით, რა ვუყოთ,თუკი გიჭირს და გტკივა, ხან კაცს კი არა ღმერთსაც კი უჭირს;
და თუ ვაწყდებით დაგმანულ კარებს, უნდა გავუძლოთ,გულო,ტიალო, გავიდეთ,გავყვეთ მოვარდნილ ქარებს, შეუცნობელში სახეტიალოდ!
ნ.კოლხი
|
ხან მძვინვარე ხარ,როგორც დემონი, ხან უნაზესი,როგორც ფერია, ბევრჯერ გიჭირდა,მაგრამ არასდროს, არასდროს ყალბად არ გიძგერია; იყავ ღარიბი და უპოვარი, მაინც მდიდარი და ხელგაშლილი, ხან ეჭვიანი,როგორც ჰამლეტი, ხან გულუბრყვილო, თოთო ბავშვივით. ბევრჯერ გაგთელა ცხოვრებამ თუმცა და ახლაც დიდი გაწევს სიმძიმე, არ გიფიქრია გაქცევა სულაც, იმედი სადღაც მაინც ციმციმებს; და ეძებ სიტყვას...და ეძებ საქმეს და ესძიება გიყვარს და გართობს თუმცა მრავალი გყავს მეგობარი, მაინც მარტო ხარ და გიჭირს მარტოს; ხან მძვინვარე ხარ,როგორც დემონი, ხან უნაზესი,როგორც ფერია და მაინც გმადლობ, გულო,რადგანაც არც ერთხელ ყალბად არ გიძგერია.
ნ.კოლხი
|
|