.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 27 » * * * ( ნ.კოლხი)
23:20
* * * ( ნ.კოლხი)

ცაში ქანაობს ვარსკვლავთა ბადე
და იფერფლება ლურჯად დაისი,
რა არის იქით?საითკენ ილტვის
სული_ასეთი უმწყურვალესი.

რატომ გვიცქერის მარადისობა
ირმის ნახტომის მირიად თვალით,
შენ რა ხარ მისთვის?_მარტოდენ მტვერი,
შექმნილი მიწით_ხორცით და ძვალით.

აქ დრო და სივრცე გიბორკავს ნებას
დაჰქმნის შენს ყოფას დრამად და ფარსად,
იქ კი...იქ არის უჟამო ჟამი,
რომ იყო მარად,ყველგან და არსად.

შენც იდექ ბრბოში_,,ჯვარს აცუ ეგე”_
ზეცას წვდებოდა როცა ყვირილი,
შენც აზავებდი ძმარსა და ნაღველს
და იმ ამბორში შენც გიდევს წვლილი.

ახლა ცოდვილი და მონანიე
ცას შეჰყურებ და ცის გახსნას ელი,
,,ესე არს სისხლი,ესე არს ხორცი”...
და გჯერა,გჯერა იქ არის მხსნელი.

ხარ დაცემული მიწაზე ლოცვად,
იღვენთებიან უხმოდ სანთლები,
ასე სუსტი და ასე უღონო
გრძნობ თუ თანდათან როგორ მაღლდები.

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 771 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]