.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 27 » ლოცვა (ნ.კოლხი)
19:31
ლოცვა (ნ.კოლხი)

ჩვენი ხილვებით,ჩვენი სიზმრებით,
ბოლოს და ბოლოს დაღლილნი ერთობ,
ჩვენი სიწმინდით,ჩვენი ცოდვებით
შენთან მოვალთ და მიგვიღე,ღმერთო!

ოღონდ მანამდე ნუ დაგვაბრმავებ,
ნუ დაგვამუნჯებ,ოღონდ,მანამდე,
ნუღარ ინებებ რომ დავხურდავდეთ,
დავქუცმაცდეთ და დავპატარავდეთ,

ღმერთო,დაგვღალე საქმით მართალით,
ნამდვილი საქმით,ნაღდად კაცურით,
გაგვიხსენ ძარღვი და გამოგვწურე,
ჩვენს ზვრებს აპკურე სისხლი ნაწური.

ნუ დაგვახარბებ მაძღარ ცხოვრებას,
ნუ დაგვანაყრებ სხვის ნასუფრალით,
ნურც სხვის დუდუკზე ნუღარ გვაცეკვებ,
ყველას ჩვენივე გვყავდეს უფალი.

ღმერთო,აგვანთე მამულზე ფიქრით,
,,სამამაცონი გვასწავლე ზნენი,
არ დაგვიჟანგო ოღონდ,მახვილი,
სხვა არაფერი არ მინდა შენი.

ბოლოს და ბოლოს შენს გზას ვადგავართ
და სანამ მოვალთ დაღლილნი ერთობ,
ნაღდი სიცოცხლით გვაცოცხლე მანამ
და სიკვდილამდე ნუ მოგვკლავ,ღმერთო!

 (ნ.კოლხი)
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 792 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]