.

მთავარი » 2013 » იანვარი » 30 » სამი სიცოცხლე
14:00
სამი სიცოცხლე

შუაღამე იყო. პატარა სანთელი ბჟუტავდა ჩემი ოთახის მაგიდაზე. უაზროდ ეყარა ტანსაცმელი სავარძელში... მე კი ლოგინზე ვიწექი და ვგრძნობდი, როგორ მიზიდავდა რაღაც ძალა მაგიდისკენ...
ნელა ავდექი ლოგინიდან, შიშველი ფეხებით მივედი მაგიდასთან და პირველი რაც თვალში მეცა, ეს იყო მისი სურათი. უეცრად საშინელი მონატრება ვიგრძენი, ისეთი, როგორიც არასოდეს მიგრძვნია, მაგრამ ამ მონატრებას უიმედობის დაღი აჩნდა...
თვალი მოვაცილე სურათს და მაგიდას გადავხედე; აქაც ყველაფერი მის თავს მახსენებდა: მისი ნაჩუქარი საფერფლე, რომელიც სავსე იყო სიგარეტის ნამწვავებით; მისივე ხელით აცმული მძივი; მისი წერილი და...მაგრამ რაღაც არ იყო ამ ნივთებთან კავშირში... ეს იყო პატარა სამართებელი, რომელიც ამ სარამოს ფურცლების დასაჭრელად გამოვიყენე. უეცრად რაღაც აზრმა გამიელვა, მაგრამ სწრაფად უარვყავი...
ოთახიდან გამოვედი და აბაზანისკენ გავეშურე, სიბნელეში რაღაცას დავეჯახე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. სახეზე წყალი შევისხი და ოთახში დავბრუნდი... მაგიდასთან მივედი და დავჯექი. ჯერ სურათს შევხედე, მერე სამართებელს. რაღაც მსგავსებას ვეძებდი. გამეღიმა, როცა აღმოვაჩინე, რომ მისი კაბა სამართებლის ტარივით შავი იყო, ხოლო მაისური სამართებლის პირივით ნაცრისფერი... გამოხედვაც სამართებელივით მისერავდა გულს...
ვცდილობდი, სხვა რამეზე მეფიქრა, მაგრამ არ გამომდიოდა. უჯრა გამოვაღე და ლექსების კითხვა დავიწყე. ყველამ რაღაც მოგონება ამოატივტივა თავში. ნელ-ნელა ფრაგმენტებად აეწყო ჩემი ცხოვრება მისი გაცნობიდან დღემდე. ბედნიერებას უარით გამოწვეული ცრემლი და მარტოობის წუთები ცვლიდა და ამ ყველაფერს პატარა ლექსებად აწყობდა რითმა... გული მტკიოდა, მაგრამ ვერ ვტიროდი, ცრემლი გამშრობოდა თვალში. უკანვე ჩავყარე ლექსები უჯრაში, დანახვაც აღარ მსურდა მათი. საკუთარი თავი მეზიზღებოდა და მის შეჯავრებას კი ვერ ვახერხებდი. ისევ ისე მიყვარდა, როგორც მაშინ, სანამ ვეტყოდი ამას. ის დღეც გამახსენდა... პირველ აპრილს სიყვარული რამ ამახსნევინა-მეთქი - გავიფიქრე და გამეღიმა. ესეც ბედს დავაბრალე. გამახსენდა, ის ხომ 13 დღით იყო ჩემზე დიდი. მივხვდი, ჩემი სიყვარულის ამბავი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ვის ახსოვდა ბედი, როცა მას ვუყურებდი. მაშინ მე ვქმნიდი ჩემს ცხოვრებას, ჩემს მომავალს(ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა). მაგრამ თურმე ბედი თვითონ მიგებდა მახეს და...
სანთლის ალს გავუსწორე თვალი, ლამაზ ფიგურებს ხაზავდა პატრუქის წვერზე გამობმული ცეცხლის ენა. ისევ სურათზე გადავიტანე მზერა და შევამჩნიე, რომ მას ხელში წითელი ვაშლი ეჭირა. ახლა სამართებელს გავხედე, მაგრამ წითელი წერტილიც კი ვერ დავინახე მასზე. თითქოს გამიკვირდა, ბოლომდე რომ არ განმეორდა ფერების პალიტრა. კიდევ გამიელვა ბნელმა აზრმა თავში... ისევ უკუვაგდე...
პატარა, ვერცხლისფერი მთვარე ტოტებზე ჩამოკიდებულიყო და ქანაობდა... სადღაც შორიდან ბუს ხმა ისმოდა და ექოს აძლევდა ღამე. თვალები დავხუჭე და სიგარეტის კვამლში ჩაძირული ვცდილობდიღამის სტუმრის სიმღერა რომელიმე მუსიკის რიტმისთვის მიმემსგავსებინა... მინდოდა წარმომედგინა, როგორი შეიძლება ყოფილიყო ანგელოზი, მაგრამ ერთსა და იმავე სახეს ვხედავდი. ნელა გავახილე თვალი, სიგარეტი მოვქაჩე და მზერა პირიდან რგოლებად გამოსულ თეთრ კვამლს გავაყოლე, თითქოს მათში ვეძებდი პასუხს ჩემს კითხვაზე: რ ა ტ ო მ ? ? ? ფიქრმა წამართვა თავი... გამახსენდა შემოდგომის ჯერ კიდევ მზიანი დღე. მაშინ სულ სხვა კითხვა მაწუხებდა...
- რა გქვია? - ბოლოს გავბედე და თითქოს პასუხს არც დავლოდებივარ, მოუთმენლად დავიწყე თითების მტვრევა.
- სიყვარული. - მიპასუხა მან. თავი ჩემსკენ მოატრიალა და გამიღიმა. - შენ რა გქვია?
- მე... მე - სიკვდილი. - ყრუდ ამოვიხრიალე და მივხვდი, როგორ შემრცხვა მისი სახელის შემდეგ ჩემის წარმოთქმა.
- მართლა?! - რაღაც გაოცებით წარმოთქვა და ცოტა ხნის შემდეგ ნაღვლიანი ხმით დაამატა - სამწუხაროა, ჩვენ ერთად ყოფნა არ გვიწერია... არადა, ასე კარგად ვგრძნობ შენთან თავს...
და მე მაშინ მოვკვდი... მოვკვდი პირველად...
ოთახში სიგარეტის ნაზი, გამჭვირვალე ნისლი იწვა და იყო საშინელი უკმარისობა, უკმარისონა შენი, სიყვარულის და ... წითელი ლაქის... დავიბენი, ფიქრს ვეღარ ვახერხებდი , არადა მჭირდებოდა, თუნდაც იმისათვის, რომ არ მომეძებნა ლაქა...
საშინლად ძნელი იყო გაურკვევლობაში ცხოვრება, ამას სიკვდილი ჯობდა და მანაც არ დაახანა...
- სალაპარაკო მაქვს, რაღაც უნდა გითხრა. - ხმადაბლა მითხრა. გული მიგრძნობდა, კარგს არაფერს მიქადდა ეს საუბარი.
- გისმენ. - ამოვიკვნესე სიკვდილმისჯილივით, როცა განვმარტოვდით.
- მე სხვა მიყვარს, რა ვქნა?! ალბათ გამოგებ...
ექო... გლოვის ზარები... ტკივილი სულის სიღრმეში...
და მაშინ მოვკვდი... უკვე მეორედ...
კვლავ მოვუკიდე სიგარეტს, კვლავ რძისფერი ნისლი. რაღაც სიცივე ვიგრძენი ზურგში და ხმაც მომესმა - არა, ის არ მოვა, არა! გამიკვირდა. გავიფიქრე, ალბათ ეზოში ვინმე ყვირის-მეთქი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ხმა ჩემს ყურთან ისმოდა. უაზროდ გამეღიმა, ედგარ ალან პოს "ყორანი" გამახსენდა... ლინორა... ვერასოდეს... ვერასოდეს... გავოცდი, არ შემშინებია. სიგარეტს ნაფაზი დავარტყი და ოთახში გამეფებულ სიბნელეს ვკითხე:
- ვინ ხარ?
- მომავალი, შენი მომავალი - მითხრა "სიბნელემ" და ირონიული ხმით დაამატა - აბა, საიდან უნდა ვიცოდე, მოვა თუ არა?!
- თუ არ მოვა, ჩემი მომავალიც აღარ იარსებებს, - ვთქვი და გამეცინა - ალოგიკურია, ასე ხომ შენი თავის არარსებობას ამტკიცებ?! - გამოვიდე "სოფიზმის" ცოდნაზე თავი.
სიბნელეში რაღაც შეირხა, შავი აჩრდილი მოდიოდა ჩემსკენ, თუმცა კვლავ არ შემშინებია. სწორედ ასეთი მყავდა წარმოდგენილი ჩემი მომავალი: შავი, მაგრამ გამჭვირვალე, საშინლად სიფრიფანა, თითქმის არარსებული...
- მე შენ გქმნი! - ვუთხარი და სიგარეტის კვამლი ნაცრისფერ სახეში შევაბოლე.
- არ გეშინია? - მკითხა თითქოსდა გაკვირვებულმა.
- პირიქით, ეს შენ უნდა გეშინოდეს არარაობავ, შემიძლია, ახლავე მოგიღო ბოლო.
- როგორ? - გამომცდელად მომიგდო სიტყვა.
- ბევრი გზა არსებობს, მაგალითად... - თავი მაგიდაზე დაგდებული სამართლისკენ გავიქნიე.
- შენ ამას ვერ გაბედავ. - შეშინებული ხმით წარმოთქვა სიტყვები.
მე კი თვითკმაყოფილება დამეუფლა ამის შემყურეს. გამიხარდა, მივხვდი, რომ ჩემი საკუთარი ნების აღსრულება შემეძლო.
- მერე საკუთარი თავი არ გენანება? - თითქოს ხმის ტონი შეარბილა. კანკალებდა...
- არა! - ვუპასუხე და ვიგრძენი, როგორ შემემატა ჩემი თავის რწმენა, - და არც შენ მენანები, ჩემო მომავალო!
სამართებლისკენ გადავიხარე, სწრაგად გავხსენი, მარცხენა ხელთან მივიტანე, ბოლოჯერ დავხედე ვენას და...
ახლაღა გამახსენდა სურათი... წითელი ვაშლი... წითელი ვაშლი და... და სისხლის წითელი ლაქა სამართებელზე... აქაც ბედის ირონია... მე ხომ ასე ძაან არ მიყვარდა წითელი ფერი...
და ვკვდებოდი ჩუმად... ვკვდებოდი ნელა... ვკვდებოდი, ეჰ, ღმერთმა იცის, ეს უკვე მერამდენედ..
კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1943 | დაამატა: MYloVe | რეიტინგი: 4.8/5
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]