.

მთავარი » 2013 » იანვარი » 11 » ნუ დახოლ ხევსური დაგლეჯილ “ჯინსითა”
13:01
ნუ დახოლ ხევსური დაგლეჯილ “ჯინსითა”

რას სჩადი სირცხვილ ას,ბობოქრობს ბებო და 
პაპასაც სახეზე ეტყობა სიბრაზე… 
როს დახოლ დაფლეთილ,დაგლეჯილ შარვლითა 
ქალა ხარ,დაგეტყოს სულ ცოტა სინაზე. 
ჩვენთან როს ისევე ჭრელჭრულად დადიან, 
მაგ ქალაქს ნუ დახოლ ბებოს მზევ ეგეთა, 
ვინამე დაგცინებს,არცა რა მწადია, 
არ გნახონ სირცხვილ ას ქალაქში ჩვენებმა. 
ამბავს მამიტანენ,შენ ქალა ვნახეთო, 
ტანზე ჩამაფლეთილ ეცვაო "ჯინსები” 
ეგ რაღა ჭირია ვიკვირვებ ჩემთვი და 
გულში გამოუცნობ სიბრაზით ვივსები. 
ზამთრის პირს შევტეხავ შენ წინდის ქსოვაში, 
ღრუბლებს არშიებად ჩავაქსოვ სიყვარულს, 
აქ ჩვენთან არაკებს ვიხსენებთ თოვაში, 
თქვენ თალხ გაზაფხულებს აყოლებთ სინანულს. 
აქ მთაში ისევე არაყით ვმკურნალობთ, 
კეცეულთ ჩავახვევთ ცხელცხელას ერბოში, 
მანდ ქალაქს რაადამ სდიეტობთ,სულძაღლობთ, 
ჩვენთან ხინკლიან ქვაბებ სდუღს ჭერხოში. 
როს მახოლ იქნება მაუსწრო გაზაფხულს, 
აქ წყალნი სტირიან,შამავრჩით ჩვენ ორნი, 
პაპასაც სიბრაზე ერევა დაზაფრულს, 
მიწას შაუჭამავს სულყველა ჩვენ სწორი. 
აქ ჭერად გვახურავს ქათიბი ნისლისა, 
თქვენ სხედხართ უსახურ”რკინაის ყუთებში” 
წამები საჩვენოს თვეებად მიდისა, 
მანდ ბარში ცხოვრება თავდება წუთებში. 

ქეთი ზვიადაური 


კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 1402 | დაამატა: anano | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]