შაბათი, 23.11.2024, 14:02
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
18:06 ძიძის ენა ნ.კოლხი | |
ერთხელ მეტროში ასეთი ფაქტის მოწმე გავხდი:ორი ქალბატონი მეგრულად საუბრობდა.ერთმა გადაპრანჭულმა ქალბატონმა ზიზღით წაისისინა:,,ჩაგიწყდათ ის მახინჯი ენა”!თითქოს სილა გამაწნეს! მერე ეს ლექსი დავწერე და ცოტათი გულზე მომეშვა! ნ.კოლხი გინდ მომაკერონ კუთხურობის ყალბი ბრალდება, კარჩაკეტილი და უბირი მიწოდონ თუნდა, მაგრამ ღალატი მამულისა ნუ დამბრალდება, ნუღარ დამიშლით ვთქვა როგორც მსურს და როგორც უნდა; მე ქართველი ვარ,საქართველო დედაა ჩემი, ეს წმინდა მიწა იმთავითვე ხატად ვიწამე, ვიშვი ქართველად,მაგრამ როცა მომაჭრეს ჭიპი, ამიყვანეს და ჩემს კოლხეთში გამაძიძავეს. კოლხეთის მიწის ვწოვე ძუძუ,ტკბილად ნაჟური, კოლხური ზეცა მეფრქვეოდა თავზე ციალით და სანამ ენას ავიდგამდი დედაენაზე, ძიძამ მიმღერა ,,დიდოუ ნანა”ხმანაღვლიანი. ჩემო ხმატკბილო მაფშალიავ,ენავ მეგრულო, შენ ჩემი დიდი და პირველი ხარ სიყვარული, მაშ რატომ უკვირთ,თუ ვეღარ გთმობ ძიძის ენასაც, რა საჭიროა განქიქება ჩუმი,ფარული. დედის და ძიძის სიყვარული ვის გაუყვია, ვის გაუყვია ,,სისატურა”და ,,იავნანა”, ორი ტკივილი,ორი შვება ერთად შენივთდა და ასე ჰქვია_ჩემი ხალხი,ჩემი ქვეყანა! ვინც იმას ცდილობს ეს ხატება გახლიჩოს ორად, გამოუძებნოს ორი სული,ორი სხეული, ის თვითონ არის მოღალატეც და გამყიდველიც და უკუნითი უკუნისამდე იყოს წყეული. მხოლოდ ცალ სარზე ღობე არვის მოუწნავს ჯერაც, მხოლოდ ცალ ბურჯზე ციხე არვის არ აუგია... ქართულ მიწაზე დიდ ქართველად შობილი ცოტნე, ტკბილ ძიძას_კოლხეთს გაუზრდია და...აუგია?! დე,კუთხურობის მომაკერონ ყალბი ბრალდება, მე ასე ვეტყვი მიწას ზურმუხტს და ცას საფირონს: _შენ შემოგევლე საქართველოვ,დედა ხარ ჩემი! _ჩქიმი სამარგალო,ნანა,სქანი გოლუაფირო! ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |