.

მთავარი » 2013 » იანვარი » 1 » დონ-კიხოტის ახალი მონოლოგი ნ.კოლხი
20:31
დონ-კიხოტის ახალი მონოლოგი ნ.კოლხი

იყო დრო,როცა ხმამაღლა ვწუხდი 
მწუხარე სახის რაინდი_ბედზე, 
ახლა იმ დღეებს პანაშვიდს ვუხდი 
და დულცინეას აღარ დავეძებ. 

ქარის წისქვილთან ბრძოლით დაღლილი 
დალეწილ აბჯარს გავაგდებ კარში... 
როგორც ჩანჩქერი ქვებზე დახლილი, 
შენი სიცილი იმსხვრევა ქარში; 

იცინი,მაგრამ იცინი რატომ? 
რისთვის იმსხვრევა შენი ხმის ბროლი? 
მისთვის,რომ ომი წავაგე მარტომ 
და მერგო მხოლოდ ჯამბაზის როლი?! 

მისთვის,რომ ქვეყნად ასეთი ვიშვი 
და ამგვარად მცნობს წუთისოფელი_ 
რომ მიჯობს ვიყო მამაცი გიჟი, 
ვიდრე ლაჩარი ჭკუათმყოფელი?! 

ანდა,რა არის ეს ყველაფერი, 
სინამდვილე თუ ხილვა ზღაპრული? 
ან შემოდგომის ულევი ფერი 
რად არის მქრქალი და დაზაფრული?! 

ან გაზაფხულზე რად ტირის თოვლი, 
ან რად ჩამძახის სულ მუდამ ქარი: 
,,_ბრძოლის ველიდან გაქცეულ ლტოლვილს 
იქ დაცემული სჯობია მკვდარი?!” 

შენ კი იცინი,იცინი...რატომ? 
მისთვის იმსხვრევა შენი ხმის ბროლი, 
რომ დამამარცხეთ ბრძოლაში მარტო 
და მომაკერეთ ჯამბაძის როლი? 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1027 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]