.

მთავარი » 2013 » იანვარი » 17 » უკვე წავიდა მატარებელი ნ.კოლხი
00:40
უკვე წავიდა მატარებელი ნ.კოლხი

ბავშვობისა და სიმწიფის ზღვართან, 
ხელში ლექსების ლურჯი რვეულით 
ვიდექი,მახსოვს და ამის გარდა 
არა მქონია სხვა განძეული. 
ეს იყო ჟამი,როდესაც სული 
ბოლოს და ბოლოს ეჩვევა ტკივილს 
და უხილავი და უფერული, 
ყელზე გადნება ცრემლების მძივი; 
სულში გიჩნდება პირველი ბზარი, 
უჩუმრად მარხავ იმედებს ფარულს 
და ეთხოვები ტკივილით,დარდით, 
პირველ გრძნობას და პირველ სიყვარულს; 
დღე ხვალინდელი თუ რას მოგიტანს 
დარა იქნება,არ იცი,მერე, 
როცა აღარ გწამს რაც ადრე გწამდა, 
როცა გბეზრდება რაც ადრე წერე. 
როცა მომავალს ეჭვებით უმზერ, 
მხოლოდ წარსულზე დარდობ ერთავად_ 
ჩემი ლექსების ლურჯი რვეული 
ვერ გავიმეტე დასაფერფლავად... 
მატარებელში დავტოვე,როგორც 
უმწეო ჩვილი,ნაყოფი ცოდვის 
და იმის შემდეგ,ბევრი წელია, 
მიდის და მოდის,მოდის და მოდის... 
და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა 
ჩემი ბავსვობის ლურჯი ზღაპარი, 
სული კარგა ხანს ეძებდა საშველს, 
მარამ ვერ ჰპოვა თავშესაფარი 
და...სამუდამოდ ბაქანზე დავრჩი, 
ვდგავარ,ვიხსენებ რაღაც არაკებს, 
რადგანაც,ვიცი,ჩემი თეთრონი 
მხოლოდ ბალახით ვერ იბალახებს; 
ის ზეცას უნდა ხრავდეს კბილებით, 
მზით მოირჩინოს შუბლზე ნახმლევი 
და ქარაფები ეყაროს ფეხქვეშ, 
ვით ამირანის ხმალის ნამსხვრევი; 
მაგრამ,ბავშვობის ლურჯი ზმანება_ 
უკვე წავიდა მატარებელი... 
და როგორც ძაღლი,შვყმუი ზეცას, 
მიტოვებული ძაღლი,ბებერი.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1029 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]