.

მთავარი » 2013 » იანვარი » 5 » შემოქმედება ნ.კოლხი
15:16
შემოქმედება ნ.კოლხი

მოვა ფოთოლთა ახალი წყება, 
აპრილის ლურჯი წვიმები განგბანს, 
მოსკდება ქარი და მოგიყვება 
სიყვარულის და სიცოცხლის ამბავს. 

როგორც მდინარე აწყდება კლდეებს- 
სიტყვა გეხლება მკერდზე ბღავილით, 
მიჰყვება მარტო შენს დაღლილ დღეებს 
და მიგაქვს სული,როგორც ყვავილი. 

რას მოუხერხებ ამ უძღებ სიტყვებს, 
როგორ გაუძლებ მოვარდნილ წარღვნას?! 
არა და...გული ვეღარ გაუძლებს, 
არა და ...გული ვერ შეინახავს. 

ოღონდ ღრუბლებით ნუ შეიმოსე, 
ძირს ბაირაღი აღარ დახარო, 
ბრძენთ უბრძენესი კვერთხს დაჰკრავს მოსე 
და გადმოსკდება ტინიდან წყარო. 

ო,ასე გაჩნდა ,ალბათ ვარძია, 
ასე მოხატეს ალბათ გელათი, 
შენც ალბათ,ღმერთმა გამოგარჩია 
მათ სამსახურში იდგე ყელამდი. 

სულ ერთი არის,რას გარგუნებენ_ 
გვირგვნი ეკლის,გვირგვინი დაფნის... 
აჰა,მუზები გიკაკუნებენ, 
გესმის შრიალი შორეულ აფრის; 

და აგაცილებს, გწამდეს,ტაროსებს, 
შენი პატარა ლექსთა კრებული... 
დგას მძიმე კვერთხით დიადი მოსე, 
ქვეყნის ავ-კარგზე დაფიქრებული.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 961 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]