.

მთავარი » 2013 » იანვარი » 4 » როგორ განკაცდა უფალი?
22:59
როგორ განკაცდა უფალი?


როგორ შეერთდა მაცხოვრის ერთ ჰიპოსტასში ორი ბუნება და როგორია მონოფიზიტური და ნესტორიანული ცრუ სწავლებანი განკაცების შესახებ?

ედიშერ ჭელიძე (თბილისის სასულიერო აკადემიის პატროლოგიისა და დოგმატიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი):

"ეს საკითხი გახლავთ ყველაზე რთულად განსამარტავი, რადგან იგი კონკრეტულად ღვთისმეტყველებას, დოგმატიკას, დოგმატურ ტერმინოლოგიას უკავშირდება. იესოგანკაცების შესახებ მართლმადიდებლური მოძღვრება თავის დროზე დიდ შერკინებაში იყო მონოფიზიტურ და ნესტორიანულ გაუკუღმართებებთან, რომელთა ფონზე კიდევ უფრო მეტად იკვეთება მართლმადიდებლური სწავლების არსი. ამიტომაა საჭირო პარალელური მოძღვრების წარმოჩენა, რათა მაცხოვნებელი რჯულის ძირითადი და უმთავრესი დებულებები მეტად გამოიკვეთოს და განმტკიცდეს ჩვენს გონებაში.

მონოფიზიტური, ნესტორიანული და მართლმადიდებლური სწავლება თანხმდება იმაში, რომ ღვთის განკაცება ნიშნავს საღვთო ბუნების შეერთებას ადამიანურ ბუნებასთან. ღმერთმა, ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასმა, რომელსაც საღვთო ბუნება მარადიულად აქვს, კონკრეტულ ჟამს თავის საღვთო ბუნებას თავის ჰიპოსტასში ადამიანური ბუნება შეუერთა. ერთი ჰიპოსტასი განკაცების პირველივე წამიდან ანუ, როგორც ამას ეწოდება, ‘უმწვერვალესი შეერთებიდან ორი ბუნების გამომხატველი გახდა. ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რას ნიშნავს ტერმინი ბუნება ანუ არსება და ტერმინი ჰიპოსტასი ანუ პირი.

ტერმინი "ბუნება” განიმარტება, როგორც იმ თვისებათა ერთობლიობა, რაც აქვს ამ ბუნების მქონე უკლებლივ ყველა კონკრეტულ ჰიპოსტასს. მაგალითად, ადამიანური ბუნება იმ თვისებათა ერთობლიობაა, რაც ადამიანური ბუნების უკლებლივ ყველა პიროვნებას გააჩნია. შეუძლებელია პიროვნებას რაღაც ისეთი თვისება ჰქონდეს, რაც მეორეს არ აქვს და ის ადამიანური ბუნების თვისებად ჩავთვალოთ. რა თვისებებიც ვლინდება აბსოლუტურად ყველა ადამიანში, მხოლოდ ის გახლავთ ადამიანური ბუნება. ანუ ბუნება, კვლავ ხაზს გავუსვამთ, ეს არის ერთობლიობა იმ თვისებებისა, რა თვისებებიც ამ ბუნების მქონე უკლებლივ ყველა ჰიპოსტასს აქვს. მეორე მხრივ, "ჰიპოსტასი” ისაა, რაც თავის თავში ბუნების თვისებებს მოქმედებითად გამოხატავს. მაგალითად, "მოაზროვნეობა” ბუნებითი თვისებაა და ბუნებას გულისხმობს, მაგრამ მოაზროვნე ჰიპოსტასია ანუ ის კონკრეტული პირია, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს მოაზროვნეობის ბუნებითი თვისება ანუ რომელიც თავის თავში ავლენს, თავის თავში მოქმედებითად გამოხატავს, ამოქმედებს ბუნებისეულ მოაზროვნეობას.

არ არსებობს ბუნება უჰიპოსტასოდ (ანუ ჰიპოსტასის გარეშე) და ჰიპოსტასი – უბუნებოდ (ანუ ბუნების გარეშე). ყოვლადწმიდა სამებაში მამას, ძესა და სულიწმინდას ერთი საღვთო ბუნება აქვს, ანუ სამივე პირი თავის თვითმდგომ (ანუ მეორესთან შეურევნელ) პიროვნებაში სრულად გამოხატავს საღვთო ბუნების უკლებლივ ყველა თვისებას. ძე ღმერთმა განკაცებისას თავის საღვთო ჰიპოსტასში ანუ პიროვნებაში საღვთო ბუნებას შეუერთა ადამიანური ბუნება. ეს ნიშნავს: მეორე ჰიპოსტასი ყოვლადწმინდა სამებისა, რომელიც განკაცებამდე მქონე იყო მხოლოდ საღვთო ბუნებისა, ანუ რომელიც თავის თავში გამოხატავდა მხოლოდ საღვთო ბუნების თვისებებს, განკაცების პირველწამიდანვე ანუ ‘უმწვერვალესი შეერთებიდანვე საღვთო ბუნებასთან ერთად მქონე გახდა ადამიანური ბუნებისა ანუ სწორედ იმავე ღმერთ-ჰიპოსტასმა (მეორე ჰიპოსტასმა ყოვლადწმინდა სამებისა) ინება და უზენაესი თავმდაბლობით იტვირთა ადამიანური ბუნების მიღება ანუ თავის თავში, თავის ღმერთ-პიროვნებაში არა მხოლოდ საღვთო ბუნების (როგორც ეს განკაცებამდე იყო), არამედ, საღვთო ბუნებასთან ერთად და საღვთო ბუნებისგან განუყოფლად მან განიკუთვნა ადამიანური ბუნების უკლებლივ ყველა ბუნებითი თვისება და ამ თვისებათა გამოვლენა თვინიერ (გარეშე) ცოდვისა.

განკაცებამდე მაცხოვრის ჰიპოსტასი მარტივია. მარტივი ეწოდება ჰიპოსტასს, რომელიც მხოლოდ ერთი ბუნების თვისებებს გამოხატავს. მაგალითად, ანგელოზის ჰიპოსტასი მარტივია იმიტომ, რომ მარტოოდენ ანგელოზური ბუნების თვისებებს გამოხატავს. ადამიანის, ე. ი. ყველა ჩვენგანის ჰიპოსტასი შედგენილია, რადგან ჩვენ ერთდროულად გამოვხატავთ ერთიმეორისგან დიამეტრულად განსხვავებულ ორ (სულიერ და ხორციელ) ბუნებას. ამრიგად, ადამიანებს ორი ბუნება გვაქვს: სულისა და ხორცისა, მაგრამ ჰიპოსტასი ერთია, მხოლოა, რომელიც ამ ორი განსხვავებული ბუნების თვისებებს განიკუთვნებს და ავლენს თავის თავში. ამგვარ ჰიპოსტასს (მარტივისგან განსხვავევით) შედგენილი ეწოდება.

მაგალითად, სულის ბუნებაა უხრწნელება, ხორცისა – ხრწნადობა, სულისა – უკვდავება, ხორცის – მოკვდავობა. ჩვენი ჰიპოსტასი ერთდროულად მოკვდავიცაა და უკვდავიც. მოკვდავი -ხორცის მიხედვით, უკვდავი – სულის მიხედვით. როდესაც ერთ ჰიპოსტასში ორი დიამეტრულად განსხვავებული ბუნებაა (და ბუნებანი, საზოგადოდ, რა თქმა უნდა, ყოველთვის განსხვავებულნი არიან), ამგვარი ჰიპოსტასი, როგორც მივუთითეთ, შედგენილია, ხოლო ჰიპოსტასი, რომელიც თავის თავში მხოლოდ ერთი ბუნების თვისებებს გამოხატავს – მარტივი.

ყოვლადწმიდა სამების მეორე პირის, იესო ქრისტეს ჰიპოსტასი, განკაცებამდე მარტივი (ანუ მხოლოდ საღვთო ბუნების თვისებათა მქონე), განკაცებისთანავე შედგენილი ხდება, ანუ თუმცა ჰიპოსტასი კვლავ ერთია, მხოლოა, მაგრამ იგი უკვე, გარდა საღვთო ბუნებისა და ამ ბუნების თვისებებისა, თავის თავს ანუ თავის ჰიპოსტასს განუკუთვნებს ადამიანურ ბუნებასაც და ამ ბუნების თვისებებსაც. ეს ნიშნავს: ძე ღვთისა, განკაცებული და მონის ხატამდე (ადამიანის ბუნებამდე) ქვედამდაბლებული, იტვირთებს კაცობრივ თვისებათა გამოხატვას. ესაა სწორედ განკაცების ჟამს მაცხოვრის გონებამიუწვდომელი თავმდაბლობა, მდაბალცნობიერება, ქვემდაბლობა.

საღვთო ბუნებით იესო ქრისტე გარეშეუწერელია, კაცობრივი ბუნებით – გარეშეწერილი. შესაბამისად, მაცხოვრის ჰიპოსტასი განკაცების პირველი წამიდანვე გარეშეუწერელიც არის და გარეშეწერილიც, ყოვლადდაუსრულებელიც საღვთო ბუნების მხრივ და, რა თქმა უნდა, შემოსაზღვრულიც კაცობრივი ბუნების მხრივ, უკვდავიც და მოკვდავიც, უქმნელიც და ქმნილიც და ა. შ.

როდესაც განკაცებულ ღმერთზე ვამბობთ, რომ ის ღმერთკაცია, ღმერთკაცში არანაირად არ უნდა ჩავდოთ ორი ჰიპოსტასის, ორი პიროვნების შინაარსი ანუ ის აზრი, რომ თითქოს იესო ქრისტე როგორც ღმერთკაცი, იყოს პიროვნულად ღმერთიც და პიროვნულად კაციც. ღმერთკაცი თეოლოგიურად რომ განვმარტოთ, ასეთ ფორმულირებამდე მივალთ: პიროვნულად ღმერთი საღვთო და კაცობრივი ბუნებებით. მართლაც, იესო ქრისტე პიროვნულად ანუ ჰიპოსტასურად მხოლოდ ღმერთია განკაცებამდეც, განკაცებისასაც და განკაცების შემდეგაც მარადიულად; მხოლოდ ის სხვაობაა, რომ იესო ქრისტეს პიროვნულობა ანუ პისი ჰიპოსტასი განკაცებამდე მხოლოდ საღვთო ბუნების მქონეა და, შესაბამისად, მარტივია, განკაცების შემდეგ კი იგივე ღმერთ-ჰიპოსტასი (მეორე ჰიპოსტასი ყოვლადწმინდა სამებისა) კაცობრივი ბუნების მქონეცაა ანუ მარტივი შედგენილი ხდება, არის რა მარტივი განკაცებამდე, რადგან ამ ჟამამდე მხოლოდ საღვთო ბუნების თვისებებს გამოხატავდა, განკაცების შემდეგ იგივე ჰიპოსტასი შედგენილია, რადგან საღვთო ბუნების თვისებებთან ერთად გამომხატველი ხდება ადამიანური ბუნების თვისებებისა. ამას ეწოდება განკაცება – მაცხოვრის ერთ ჰიპოსტასში საღვთო ბუნებასთან, შეურევნელად და განუყოფლად, კაცობრივი ბუნების შეერთება.

როდესაც განსხვავებულ აზრებზე ვმსჯელობთ, სწორედ ამ კუთხით ისმის კითხვა: ეს ორი ბუნება როგორ შეერთდა მონოფიზიტური და ნესტორიანული ცრუმოძღვრებით და ჰიპოსტასთან დაკავშირებით როგორია მათი გაუკუღმართებული გაგება?

მონოფიზიტური მოძღვრება ჰიპოსტასის შესახებ, კერძოდ ის აზრი, რომ ჰიპოსტასი განკაცებამდეც ერთია და განკაცების შემდეგაც მარადიულად მხოლოა, სინამდვილეს შეეესაბამება, მაგრამ იგივე მოძღვრება უდიდეს ცდომილებას უშვებს, როდესაც ერთი ჰიპოსტასის შესაფარდისად ორ ბუნებას კი არ აღიარებს, არამედ მიიჩნევს, რომ ეს ორი ბუნება ერთ ბუნებად შედგა, საღვთო და კაცობრივი ბუნება შეირწყა.

საქმე ისაა, რომ შეერთებაში აბსოლუტურად შენარჩუნებადია ორივე ბუნების თვისებანი, მაგრამ შერწყმაში ეს აღარაა შენარჩუნებადი.

მონოფიზიტობა მიიჩნევს, რომ ორი ბუნების შეერთება შეერთება შერწყმაში გადავიდა, რაჟამს უფრო ძლიერმა ანუ საღვთო ბუნებამ შთანთქა უფრო სუსტი და კნინი ანუ კაცობრივი ბუნება. ისევე, როგორც გავარვარებულ რკინას რომ დაეწვეთოს წყალი, მაშინვე აორთქლდება და შთაინთქმება რკინისგან, ამგვარადვე ზეციურ საღვთო ბუნებას შეეხო რა კაცება, მონოფიზიტური ცრუსწავლებით, მყისვე შთაინთქა მასში.

აქედან გამომდინარეა, რომ ეკლესია მონოფიზიტურ მოძღვრებას მწვალებლურად მიიჩნევს, რადგან შერწყმის თეორიით უქმდება განკაცების არსი. ამიტომვე იწოდება მონოფიზიტობა მხოლობუნებიანობის მოძღვრებად (ორბუნებიანობის ანუ დიოფიზიტობის საწინააღმდეგოდ).

მონოფიზიტობის საპირისპირო მწვალებლობა გახლავთ ნესტორიანელობა. თუ მონოფიზიტობასთან მართლმადიდელობას თანხვედრა აქვს იმაში, რომ ჰიპოსტასი მხოლოა, ნესტორიანელობასთან გარეგანი თანხვედრაა იმაში, რომ ბუნება ორია. ნესტორიანელობა აღიარებს, რომ კაცობრივი ბუნება მთლიანად შენარჩუნდა განკაცებულ ღმერთში, მაგრამ ეს ცრუმოძღვრება იმ ზომამდე განაცალკევებს მაცხოვრის ორ ბუნებას, რომ, ფაქტობრივად, მათ შეერთებასაც აღარ უშვებს, ვინაიდან ნესტორი არა მხოლოდ იმას უარყოფდა, რომ კაცობრივი ბუნება საღვთო ბუნებასთან შეერთებით არ შეცვლილა, არამედ უარყოფდა საღვთო ბუნების გავლენასაც მასთან შეერთებულ კაცობრივ ბუნებაზე.

მართლმადიდებლობა იმას კი არ ამბობს, რომ ღმრთეებასთან შეერთებისას საღვთო ბუნებას კაცებაზე არავითარი გავლენა არ მოეხდინოს (მაშინ საერთოდ რაღატომ მოხდებოდა მათი შეერთება?), არამედ მხოლოდ იმას, რომ ამ ზეგავლენას (ღმრთეებისგან კაცებაზე) არ გამოუწვევია კაცობრივი ბუნების ბუნებითი ცვალებადობა ანუ საღვთო ბუნებასთან მისი თვისობრივი შერწყმა. ზეგავლენა ღმრთეებისა უეჭველია კაცობრივ ბუნებაზე და თუ ეს ზეგავლენა მონოფიზიტებმა იმ მასშტაბით წარმოაჩინეს, რომ ღმრთეებამ საერთოდ მოსპო კაცება და შეირწყა თავის თავში, ნესტორიანელობამ, ამის საპირისპიროდ, არა მხოლოდ შერწყმა გამორიცხა (რაც მართალია), არამედ საერთოდ ყოველგვარი სახის ზემოქმედებაც (რაც მწვალებლურია). ერთ ჰიპოსტასში როცა ორი ბუნებაა შეერთებული, ეს ორი ბუნება (ერთჰიპოსტასობის გამო) განუყრელია, განუყიფელია (თუმცა ყოვლითურთ შეურევნელი და შეურწყმელი). სწორედ ეს განუყრელობა შეერთებისა უარყო ნესტორიანელობამ და მიიჩნია, რომ საღვთო და ადამიანური ბუნებანი ერთი პირის ანუ ერთი ჰიპოსტასის მქონენი კი არ არინ, არამედ – ორისა, ანუ ის, რომ საღვთო ბუნებას თავისი პიროვნება აქვს და თავის ძე ჰყავს (ძე ღვთისა), კაცობრივს – თავისი, ანუ, ნესტორის მიხედვით, არა მხოლოდ წმიდა სამების მეორე ჰიპოსტასის საღვთო ბუნება შეუერთდა ადამიანურ ბუნებას, არამედ მეორე ჰიპოსტასი (მარადიულად მამისგან შობილი ძე ღვთისა) შეუერთდა ადამიან-პიროვნება იესოს ანუ "ძეს კაცისას”, მარიამისგან შობილს. ეს ნიშნავს, რომ, ნესტორის მიხედვით, ადამიან-პიროვნება იესოს (შობილს მარიამისგან) პიროვნულად მეორე ჰიპოსტასი (ძე მამისა) შეურთდა და შესაბამისად, მათი ორი ბუნებაც ერთმანეთს დაუკავშირდა. მაგრამ ეს უკვე განკაცება აღარ არის, რადგან როცა ორი პიროვნება ერთმანეთს უკავშირდება და მათგან ერთი-ერთი ღმერთ-პიროვნებაა, საქმე გვაქვს არა ღვთის განკაცებასთან, არამედ ადამიანის განღმრთობასთან.

რაჟამს ღმერთ-პიროვნება ადამიან-პიროვნებას უკავშირდება, ყოველთვის ადამიან-პიროვნების განღმრთობა ხდება.
ღმერთი პიროვნულად უკავშირდებოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს, ახალი აღთქმის წმინდანებს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ანგელოზებსა და ანგელოზურ ძალებს. ყველა ასეთ შემთხვევაში ქმნილების განღმრთობა ხდება. პიროვნული დაკავშირებით ღმერთი ღვთიურობას მიჰმადლებს ქმნილებებს და მათ განაღმრთობს. ამიტომაა, რომ ნესტორი ყოვლადწმიდა მარიამზე ამბობდა, ღმერთი კი არ უშვია, ჩვეულებრივი ადამიანი შვაო, ვინაიდან ნესტორის მიხედვით, პიროვნულად კაცი იესო ღმერთპიროვნებასთან დაკავშირების შემდეგ საღვთო მადლით აღივსო, ღმერთი კი მას იმიტომ დაუკავშირდა, რომ იგი ყველა სხვა ადამიანზე მეტად მოიწონა, ყველაზე მეტად მიიჩნია სათნოდ, ისათნოვა. შესაბამისად, დაუკავშირდა პიროვნულად და განაღმრთო. ამიტომ ნესტორი ყოვლადწმიდა მარიამს უწოდებდა არა ღვთისმშობელს, არამედ – კაცისმშობელს, არა თეოტოკოსს, ანუ ღვთისმშობელს ბერძნულად, არამედ – ანთროპოტოკოსს, ანუ კაცისმშობელს. ნესტორიანულ მოძღვრებაში მართებულობის მარცვალი ორი ბუნების აღიარებაა, მაგრამ ამის პარალელურად ორი ჰიპოსტასის აღიარება უკვე დამღუპველი გაუკუღმართებაა. მონოფიზიტობაში პირიქით, ერთი ჰიპოსტასის აღიარებაა მართებული, მაგრამ ერთი ჰიპოსტასის კვალობაზე ერთი ბუნების აღიარება და ბუნებითი შერწყმის დაშვება, ასევე დამღუპველი ცთომილებაა.
მართლმდიდებლობა განაჩინებს, რომ ჰიპოსტასი მხოლოა. ამ ჰიპოსტასში ორი ბუნება ერთმანეთს შეუერთდა, მაგრამ, მონოფიზიტობის საწინააღმდეგოდ, ეს ორი ბუნება არანაირად (ერთი თვისების მხრივაც კი) არ შერწყმულა. მეორე მხრივ, ნესტორის საპირისპიროდ, არც ის მომხდარა, რომ ეს ორი ბუნება რეალური ანუ ჭეშმარიტი ურთიერთკავშირის გარეშე შთენილიყოს, რომ საღვთო ბუნებას ზეგავლენა ანუ ზემოქმედება არ ჰქონოდა ადამიანურ ბუნებაზე. რა არის ეს ზეგავლენა, რასაც მართლმადიდებლობა აღიარებს, რაც ბუნებათა შერწყმამდე მიჰყავს მონოფიზიტობას და რასაც საერთოდ უარყოფს ნესტორიანობა? სანთელიმართლმადიდებლობა აღიარებს ზეგავლენას, მაგრამ არა იმ გაგებით, რომ მაცხოვრის კაცებაში ამ ზეგავლენის შედეგად თითქოსდა ღმრთეებას კაცობრივი ბუნების თუნდაც ერთი ბუნებითი თვისება გაეუქმებინოს. მაშ, რა ჰქვია ამ შეერთებას, ზეგავლენას შეერთების დროს? ამ ზეგავლენას, ეკლესიის მამათა სწავლებით, გამდიდრება ეწოდება. საღვთო ბუნებამ კაცობრივი ბუნება განამდიდრა. კი არ მოსპო, ან შეირწყა თავის თავში, კი არ შეირია, არამედ განამდიდრა, რაც ნიშნავს, რომ მაცხოვრის კაცობრივ ბუნებაში ბუნებითი თვისებები უცვლელად შენარჩუნდა ყოველგვარი ცვალებადობის გარეშე, მაგრამ ამავე დროს ეს ბუნება გადიდრდა საღვთო ღირსებებით. ამის ხატისებრი პარალელი ყველა ის ადამიანია, რომელიც განღმრთობილია. მაგალითად, წინასწარმეტყველი როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, მომავლის არმცოდნეა, მაგრამ გამდიდრდება რა ღვთისგან საღვთო სიკეთით (ამ შემთხვევაში მომავლის ცოდნის ღირსებით), მომავალს წინასწარმეტყველებს, თუმცა ამით მის ბუნებაში მომავლის უმეცრებისა და უვიცობის თვისება ოდნავად არ არის აღმოფხვრილი. საკმარისია წაერთვას მას განღმრთობილობა (რაც მხოლოდ შენაძენია, ღვთივგანმსჭვალულობაა და არა ბუნება), რომ კვლავ უმეცარი გახდეს მომავლის ჟამისა. როდესაც სიუძლურის თვისება მაქვს და ამ დროს ღვთისგან გავმდიდრდი შემძლეობით, ვიდრე ღმერთი ამით მამდიდრებს, შემძლეობითი თვისება მოქმედებაში მოდის ჩემგან. მე რომ საღვთო თვისება ბუნებით სიკეთედ გამაჩნდეს, მაშინ ყველა შემთხვევაში უნდა მქონოდა იგი.…ბუნებითი და გამდიდრებითი ამით განსხვავდება.

ბუნებითი ღმერთი განკაცებულია თუ არ არის განკაცებული, ყველგან ყოველთვის ბუნებითი ღმერთია, იმიტომ, რომ მას ღმერთობა ბუნებითად აქვს.

საღვთო ბუნებისგან მაცხოვრის კაცობრივი ბუნება შეერთებისთანავე გამდიდრდა ოთხი საღვთო სიკეთით: საღვთო ცოდნა, საღვთო შემძლეობა, საღვთო მეუფეობა და საღვთო ცხოველმყოფელობა. არა მხოლოდ საღვთო ბუნებითაა იესო ქრისტე საღვთოდ მცოდნე, საღვთოდ შემძლე, საღვთოდ ცხოველმყოფელი, საღვთოდ მეუფებითი, არამედ კაცობრივი ბუნებითადაც. მაგრამ ის განსხვავებაა, რომ საღვთო ბუნებით ბუნებითადაა ასეთი, ხოლო კაცობრივი ბუნებით გამდიდრებითად აქვს ღმრთეებისგან მიცემული ეს ღირსებები. კაცობრივი ბუნება განამდიდრა საღვთო ბუნებამ. ამას ეწოდება მაცხოვრის კაცობრივი ბუნების განღმრთობილობა. რაწამს შეუერთდა მაცხოვრის ჰიპოსტასში ადამიანური ბუნება საღვთო ბუნებას, მაცხოვრის ადამიანური ბუნება მყისვე განიღმრთო. ეს მაცხოვრის კაცობრივი ბუნების განღმრთობის პირველი ეტაპია, როდესაც ღმრთეება განამდიდრებს კაცებას ზემომითითებული ოთხი თვისებით.

ეკლესიის მამათა სწავლებით, მაცხოვრის კაცობრივი ბუნება შემდეგში მიდის განღმრთობის მეორე ეტაპამდე, რაც აღსრულდება მაშინ, როდესაც ჯვარცმული და დაფლული უფალი მკვდრეთით აღდგება კაცობრივი ბუნებით. სწორედ მაშინ მის ჰიპოსტასში კაცობრივი ბუნება დაცემულობითი ანუ ცოდვის-შემდგომი მდგომარეობიდან გარდაიქმნება ანუ უკუგარდაიქმნება, უკუმიიქცევა თავდაპირველ, დასაბამიერ, ე. ი. ცოდვამდელ მდგომარეობამდე, რაც ჰქონდათ ჩვენს პირველმშობლებს, ვიდრე ისინი გაუკუღმართდებოდნენ.

ეს იყო მიზანდასახულობა უფლისა. უფალი სწორედ იმიტომ განკაცდა, რომ ცოდვითდაცემული ბუნება ცოდვისგან განეკურნა და თავდაპირველ უცოდველობაში დაებრუნებინა.

როდესაც ვამბობთ, რომ მეორე ეტაპი მაცხოვრის კაცობრივი ბუნებისა გარდაქმნითია, გარდაქმნა ორგვარია. ერთი ესაა რომელიმე ბუნების სხვა ბუნებად გარდაქმნა და მეორე -საკუთრივ ერთი ბუნების ფარგლებში ამ ბუნების ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. ადამიანში უარყოფითი ბუნებითი გარდაქმა ხდება მაშინ, როცა ცოდვა შემოდის. ბუნებითად უკვდავი პირველქმნილი ადამიანი ბუნებითად მოკვდავი ხდება, უხრწნელი – ხრწნადი, ბუნებითად ტკივილგანუცდელიდ – ტკივილგანმცდელი. ეს ნიშნავს, რომ როდესაც მაცხოვრის კაცობრივი ბუნების განღმრთობის მეორე ეტაპის ანუ მისი კაცობრივი ბუნების გარდაქმნის შესახებ ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ არა იმას, რომ კაცობრივი ბუნება მაცხოვარში რომელიმე სხვა ბუნებად გარდაიქმნა, არამედ მხოლოდ იმას, რომ კაცობრივი ბუნების ერთი მდგომარეობა გარდაიქმნა იმავე კაცობრივი ბუნების მეორე მდგომარეობად, უფრო სწორად, ადამიანურ ბუნებას რა მდგომარეობაც ჰქონდა დასაბამში ცოდვამდე, იმ მდგომარეობაში დააბრუნა მაცხოვარმა ადამიანური ბუნება, როდესაც მკვდრეთით აღდგა.

ამრიგად, მაცხოვრის კაცობრივი ბუნების განღმრთობის მეორე ეტაპზე მისგან მიღებული კაცობრივი ბუნების დაცემულობითი თვისებები გარდაიქმნა იმ თვისებებად, რაც ამავე ბუნებას ცოდვითდაცემამდე ჰქონდა, კერძოდ: მოკვდავობა კვლავ უკვდავობად შეიცვალა, რაც კაცობრივ ბუნებას დასაბამში ჰქონდა, ხრწნადობა – უხრწნელებად, ტკივილგანმცდელობა (‘პათეტურობა”) – ბიოლოგიურ ტკივილგანუცდელობად ("აპათეტურობად”), ანუ უფალმა აღდგომისას იმ თვისებებში დააბრუნა კაცება, რაშიც ეს კაცება თავიდან იყო, ვიდრე იგი ცოდვით დაეცემოდა. ეს მოიმოქმედა მაცხოვარმა განღმრთობის მეორე ეტაპზე. აი, ეს ორი ეტაპი აქვს კაცობრივი ბუნების განღმრთობილობას მაცხოვრის ჰიპოსტასში, რაწამსაც მან ეს ბუნება შეიერთა.

მაცხოვრის კაცობრივი ბუნება ჰიპოსტასურია ანუ გვამოვნებითია, მაგრამ მას ადამიანური ჰიპოსტასი არ აქვს. საღმრთო ბუნების ღმერთ-ჰიპოსტასი (მეორე ჰიპოსტასი ყოვლადწმინდა სამებისა) გახდა ამავე კაცობრივი ბუნების ჰიპოსტასი და ეს უდიდესი თავმდაბლობაა და განკაცებაც სწორედ და მხოლოდ ესაა, ვინაიდან ყოვლისშემოქმედმა ყოვლითურთ ჩვენეული ბუნება მიიღო და იგი ჩვენს თვისებებს თავმდაბლური ნებაყოფლობით გამოხატავდა. ამრიგად, მაცხოვრისგან მიღებული ბუნება ადამიანურია, მაგრამ ამ ადამიანური ბუნების ჰიპოსტასი ღმერთია. შესაბამისად, ადამიანური ბუნების თვისებათა გამოხატვა, გამოხატვის ფორმა იგივე არაა, როგორც ჩვენში. მაცხოვრის ადამიანური ბუნების ყველა თვისებას ნება უძღვის წინ. ეს ნიშნავს, რომ მაცხოვარმა თუმცა სრულად მიიღო კაცობრივი ბუნება, მაგრამ ამ ბუნების თვისებები მასზე არ მძლეობდა, მასში სტიქიურად არ ავლენდა თავს (როგორც ეს ჩვენს შემთხვევაშია). ყველგან ყოველთვის მაცხოვარი ინებებს და მოქმედებს კაცობრივად და არ ისე, თითქოს ნების წინსწრების გარეშე, სტიქიურად, ძალუნებურად იმოქმედებოდეს მისგან კაცობრივნი.”


კატეგორია: ♥რელიგია | ნანახია: 1374 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]