.

მთავარი » 2013 » იანვარი » 10 » ფრთხილად!
18:20
ფრთხილად!

ბოლოს თვალებად იქეცი მხოლოდ, 
უცვლელი მხოლოდ თვალები შეგრჩა, 
უკვე იმათშიც წვებოდა ღამე, 
უკვე იმათშიც ქრებოდა ზეცა; 

უკვე სიკვდილის შიშიც არ გქონდა, 
უკვე იყავი საოცრად მშვიდი,_ 
დამარცხებული მთავარსარდალი 
ბოლო ბრძოლაში იარაღს ჰყრიდი. 

_მაპატიეო დედა!_მითხარი, 
ვიცი,სულ ცოტა ხანი მრჩებაო, 
ის მადარდებსო ყველაზე უფრო, 
ჩემი ცრემლი არ გეღირსებაო... 

მერე მთხოვე და წამოგაჯინე, 
ფანჯრიდან ქუჩას გახედე მქისედ: 
_თბილისი ისევ თბილისიაო, 
კვლავ ძველებურად ბორგავსო,ისევ; 

და ჩაიცინე მწარედ,უღონოდ, 
თვალებში ნისლი ჩაგიდგა თალხი: 
_მხოლოდ მე...მე ვერ დავეტიეო, 
აგე,რამდენი დადისო ხალხი; 

მერე დაწექი და პაპიროსის 
უკანასკნელი მოწიე ღერი; 
აღარ გეჩხუბე რატომღაც ახლა, 
ხმის ამოღება ვეღარ შევძელი. 

_ღვთისმშობლის ხატი მომიტანეო,_ 
რაღაცას დიდხანს სთხოვდი ჩურჩულით, 
_დედა,მცივაო...(აგვისტოს ხვატში)_ 
გულში ჩამეკარ შემოფუთნული. 

_მეძინებაო,_მითხარი ჩუმად 
და...დაიძინე,დახუჭე თვალი... 
და იმის შემდეგ, ორი წელია, 
ყველას,სულ ყველას ჰგონიხარ მკვდარი... 

ჩვენ ორმა ვიცით,მხოლოდ მე და შენ, 
რომ მხოლოდ გძინავს... 
_ფრთხილად,ჩემს დიდ ბავშვს ნუ გამიღვიძებთ, 
არ გესმით?ფრთხილად!!! 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 851 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]