.

მთავარი » 2013 » იანვარი » 2 » ნატეხები (ნ.კოლხი)
18:44
ნატეხები (ნ.კოლხი)

* * * 
ცხოვრება,ასე მძიმე და მკაცრი, 
ცრემლს გაწვიმებს თუ დაგათოვს იებს_ 
დარჩი მიწაზე,იყავი კაცი, 
ღმერთობას მაინც ვინ გაპატიებს! 

* * * 
სადღაც დანგრეულ ეკლესიას უწყალოდ აწვიმს 
და წვიმა რეცხავს მლოცველთ კოცნით 
გაცვეთილ ფიქალს... 
მეც ახლა ცრემლით,ცხელი ცრემლით სველი მაქვს ღაწვი 
და შენი კოცნის ნაკვალევი მიაქვს და მიაქვს... 

... მე დანგრეული ვარ ეკლესია! 

* * * 
იბრძვი,ფართხალებ, 
მავანს პირში ახლი სიმართლეს 
და მერე ხვდები,თავად ისჯი თავს_ 
მტყუანი მუდამ მზად არის და თავსაც იმართლებს... 

ასე აწყდება მინის კედლებს ხოლმე ლიფსიტა. 

* * * 
წვიმდა როგორღაც უჩვეულოდ და ლურჯადა, 
იდგნენ მთები და სველი ქოჩორი უჩანდათ, 
იდგნენ როგორღაც გულდახურულნი,მძიმედა... 
_რა გემართებათ,კარგებო,ამ ერთხელ გაიცინეთა! 

* * * 
ნიჭი რომ ჯილდოს ერქვა ძველად,გამიგონია, 
დღეს კი,რატომღაც, ის სასჯელი უფრო მგონია. 

* * * 

სულში სათქმელი გროვდება როცა, 
მდინარესავით ჯებირებს ანგრევს 
და ლექსი,როგორც მხურვალე ლოცვა, 
თრთოლვით დასცდება დასიცხულ ბაგეს. 

* * * 

შენი სულიდან რომც განდევნო და 
დაგმო ღმერთი, 
ხომ სულ ერთია, ვერ განდევნი 
მას სამოთხიდან?! 

* * * 
ცხოვრება ზღვას ჰგავს_ლაჟვარდოვანს, 
ლურჯს და უძიროს, 
მის ზედაპირზე ალმასების კიაფობს წყება, 
ისე გიზიდავს,თვალს ვერ მოსწყვეტ, 
სულ გსურს უცქირო, 
ფსკერზე კი...ფსკერზე სიბინძურე 
ჰყრია და ლპება. 

* * * 
ნუ ეძბთ ჩემს სულს_ის ისე ღრმაა... 
(სამაგიეროდ ვერ მისწვდებაჭუჭყი და მტვერი) 
აგერ ონკანი! ცხოვრება ბრმაა... 
რა გენაღვლებათ ჭის სიდიდე,სიღრმე და ფსკერი?! 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 822 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]