.

მთავარი » 2013 » იანვარი » 16 » მენატრები საშა გველესიანი
13:07
მენატრები საშა გველესიანი

მიტევებული ცოდვებივით 
ცვივა ფიფქები, 
ხელებს ვახვედრებ სისპეტაკეს, 
ცა რომ იმეტებს, 
ზამთრის წისქვილში,მარცვალ-მარცვალ 
ნელა ვიფქვები, 
და მარტოობის ნაღვერდალში 
ვაცხობ იმედებს. 
თოვლზე კვალია ალერსისგან 
დაღლილ ნაბადის, 
ქარებშებმული ჩამოივლის 
ღამის მარხილი, 
გარეთ თოვაში,უპატრონო 
ძაღლივით დადის 
გზააბნეული მონატრების 
ჩუმი ძახილი. 
ფიქრი ჭრიჭინებს,ნამალევი, 
სადღაც ერდოზე, 
სული ,ქარბუქში აწყვეტილი 
თეთრი ცხენია, 
მე კი დავდივარ, 
უმადურ კვალს ვტოვებ 
თეთრ თოვლზე 
და ბეღურების ერთგულების 
მშურს და მრცხვენია. 
შეჭირხლულ სიტყვებს 
მოლოდინის საკმეველს ვუკმევ, 
თეთრი ნამქერი ბებერ მიწას 
ნაკვთებს ურბილებს, 
გეძებ და სული მარჯვობს,თორემ 
სხეული უკვე, 
ჩამოძონძილი ჩოხასავით 
შერჩათ სურვილებს. 
ვიცი ზამთარი არ წავა და 
არ მომეშვება, 
დაღლილი გულიც უშენობას 
ძვირად დამიჯენს, 
ღმერთო!_მთვრალი ვარ უსაშველოდ, 
როგორ მეშლება ახლა ფეხი და 
ვეღარ ვმწყემსავ 
აშლილ ნაბიჯებს. 

(დაამატა ნ.კოლხმა)
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1357 | დაამატა: | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 1
1 ნ.კოლხი  
0
შესანიშნავია...გმადლობთ,ბატონო საშა იმ სიხარულისთვის,რასაც მკითხველს ანიჭებთ!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]