.

მთავარი » 2013 » იანვარი » 28 » მე შენს თვალებში
14:39
მე შენს თვალებში


მე შენს თვალებში მზის სხივების თამაში მიყვარს, 
ცისარტყელების ათინათი ათასფერება, 
მე შენს ბაგეზე დილის ნამის სისველე მიყვარს, 
ჩუმი ნიავი, შენს თმებს ნაზად რომ ეფერება... 

მე ის მზე მიყვარს, შენს თვალებს რომ ეალერსება, 
მე წვიმა მიყვარს, შენ რომ გეტრფის უხმო ლექსებად, 
მე მდელო მიყვარს შენს თვალებში, სიცოცხლის ფერი, 
შენი ღიმილი, გაჟღერება ტრფობის სიმღერის... 

მე დილა მიყვარს, გარიჟრაჟის ვარდისფერები, 
რომ გაგაღვიძებს და სიცოცხლეს მოეფერები, 
მე მიწა მიყვარს, დედამიწა, ფეხს რომ აბიჯებ 
და ეფერება, გულში იკრავს შენს ჩუმ ნაბიჯებს. 

მე ღამე მიყვარს, ცრემლიანი თავშესაფარი, 
ლამაზ სიზმრებში სიყვარულის ტკბილი ზღაპარი 
და სასთუმალი, ტრფიალების უტყვი კარავი, 
ლურჯი პერანგი...თეძო-მკერდის ვერ დამფარავი... 

...და მე ის მზე ვარ, შენს თვალებს რომ ეალერსება, 
მე ის წვიმა ვარ, შენ რომ გერტფის უხმო ლექსებად, 
მე ის მდელო ვარ, შენს თვალებში რომ იღიმება 
და აჟღერდება სიყვარულის უხმო სიმებად. 

მე ის დილა ვარ, გარიჟრაჟის ვარდისფერები, 
გაღიმებულს რომ გაგაღვიძებ, მოგეფერები, 
მე ის მიწა ვარ, დედამიწა, ფეხს რომ მაბიჯებ 
და ვეფერები, გულში ვიკრავ შენს ჩუმ ნაბიჯებს... 

მე ნიავი ვარ, მონავარდე შენს ლამაზ თმაში, 
მე სიზმარი ვარ, გაფრენილი ოცნების ცაში, 
მე ის ღამე ვარ, უსასრულოდ რომ ვითვლი წამებს, 
ძილგატეხილი, მომქანცველი, უკუნი ღამე... 

სასთუმალი ვარ, მოტრფიალე შენი სხეულის, 
ლურჯი პერანგი, თეძო-მკერდზე შემოხვეული. 
...და მე ყველგან ვარ- მზის სხივშიც და ღამის წყვდიადშიც, 
ქარის ჩურჩულშიც, ცისკრის ნამშიც და განთიადშიც... 

გთხოვ, მაპატიე, ყველგან რომ ვარ და შენი არ ვარ 
და რომ მიხდება შენი კოცნის ჩუმად მოპარვა, 
გთხოვ, მაპატიე, თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით, 
ჩემო სიცოცხლე, თუ ოდესმე გაწყინე რამით!...

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1367 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]