.

მთავარი » 2013 » იანვარი » 4 » მადლობელი ვარ ნ.კოლხი
15:41
მადლობელი ვარ ნ.კოლხი

მადლობელი ვარ შენი,უფალო, 
სიყვარულისთვის,მე რომ მარგუნე, 
ანუ ტაძრისთვის-ჯერ რომ ამიგე 
და მერე ისევ გამინადგურე. 

მადლობელი ვარ შენი,უფალო, 
სიხარულისთვის,გულს რომ მომფინე, 
ანუ სულ რაღაც ერთი წამისთვის, 
მთელი სიცოცხლე რომ ვიმყოფინე; 

მადლობელი ვარ,თუნდაც სულ ერთხელ 
ჭირში გამოწვდილ მარჯვენისათვის, 
მადლობელი ვარ სიმაღლისათვის, 
მადლობელი ვარ დაცემისათვის; 

მადლობელი ვარ მოყვასისათვის, 
მადლობელი ვარ მოშურნისათვის, 
მტრისთვის,მოყვრისთვის,დღისთვის,ღამისთვის, 
ჯვარცმისთვის,ისე აღდგომისათვის. 

ყველაფრისათვის ვარ მადლობელი, 
რასაც ცხოვრება ერქვა უბრალოდ, 
რაც ჩემი იყო_ავი თუ კარგი 
და შენი ნება იყო,უფალო! 

და თუ აღარ ღირს ამ ქვეყნად ყოფნა, 
ვებღაუჭები ფუჭად იმედებს, 
იმ სიკვდილისთვის გმადლობ, უფალო. 
ერთხელ ჩემთვის რომ გამოიმეტებ! 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1109 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]