.

მთავარი » 2013 » იანვარი » 5 » ხეები ნ.კოლხი
13:00
ხეები ნ.კოლხი

,,ნამეხარი ხისგან აკვნის გამოთლა არ შეიძლება” 
(ხალხური რწმენა) 

დგას ნამეხარი,ცეცხლის ალით 
გულგამომწვარი, 
დგას ხე ულმობელ ქარიშხალში 
განმარტოებით; 
დალეწილ ტანზე,როგორც 
დაჭრილ მებრძოლს აბჯარი, 
ისე ჰკიდია უსიცოცხლო, 
მძიმე რტოები. 

იგი არ ითხოვს თანაგრძნობას 
და შეწყალებას, 
მას არ სჭირდება არც გვირგვინი 
და არც სუდარა, 
მისი სამარე,მისი ძეგლი, 
მისივ ფერფლია, 
ყალბი ცრემლების, 
ყალბ თანაგრძნობის 
არა უნდა,რა. 

მაგრამ ფესვები, 
ნიადაგში მყარად გადგმულნი 
ჯერაც ცოცხლობენ, 
არ აძლევენ სიკვდილის ნებას, 
დგას დალეწილი, 
შიგნიდანვე გულდაჟანგული 
და ასე უხმოდ,ზეზეურად, 
დღითიდღე კვდება. 

კარგა ხანია ,შემოაცვდა 
ფოთლების ქარგა, 
კარგა ხანია,დავიწყების 
ფერფლმა დათოვა 
და ყველაფერი სულ ერთია იმისთვის, 
რადგან, 
სანამ სიცოცხლე დატოვებდა, 
თავად დატოვა. 

დგას ხე მდუმარედ, 
ბედისწერის ულმობელ კანონს 
ემორჩილება, 
ეს არ არის მისთვის ახალი... 
მან კარგად იცის, 
მეხმაც მიტომ გამოარჩია, 
რომ სხვებს არ ჰგავდა 
და რომ იყო სხვებზე მაღალი. 

ერთი რამ სტანჯავს,ოღონდ,ჩუმად 
და ცრემლის თქეშად 
დამსკდარ კანიდან სინანული 
იწვიმებს ღვარად... 
იცის,ოდესღაც რომ მოჭრიან_ 
იქნება შეშა, 
აკვნებს კი აღარ გამოთლიან იმისგან,არა! 

ნ,კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 858 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]