.

მთავარი » 2013 » იანვარი » 13 » დედამიწაზე სიყვარული უნდა მეფობდეს! ნ.კოლხი
15:36
დედამიწაზე სიყვარული უნდა მეფობდეს! ნ.კოლხი

ადამიანო!
დაწყევლილო დედის მუცლიდან,
დადიხარ ქვეყნად მარტოსული,მიუსაფარი...
და გამუდმებით ეძებ დაკარგულ
ნახევარს შენსას_
მოჭრილ მარჯვენას,
დათხილ თვალებს,
დაკარგულ სითბოს
და გულს,რომელიც ამოგაცალეს
და სხვად გაქციეს;
მთელ შენს სხეულში გაწოლილა
უძირო ვნება და ისე გტკივა შენი წარსული,
როგორც ამორძალს მოჭრილი ძუძუ.
მთელი ცხოვრება სისხლით და ოფლით
არწყულებ მიწას და არც კი ფიქრობ,
რომ ამ მიწიდან აღმოცენდება
იფქლიც და ღვარძლიც;
მთელი ცხოვრება,სულ მიელტვი რაღაცას_
დიადს,მარადიულს და ამაღლებულს
და სასოებით შეჰყურებ ზეცას_
იქნება ზეცის გაიღოს კარი...
იქნებ სულ ოდნავ მაინც ამაღლდე საკუთარ თავზე
და ერთი გოჯით მაინც მოსწყდე ამ ცოდვილ მიწას...
მაგრამ ამაოდ,
შენი სხეული მძიმეა მეტად...
და აღტკინებებს ადვილად სცვლის სასოწარკვეთა.
მთელი ცხოვრება ფაცი-ფუცობ,წვალობ,ჯახირობ,
ერთგვარად გტანჯავს სიყვარულიც და სიძულვილიც,
ხან სიცოცხლეს და გაზაფხულებს ეპოტინები,
ხან სულს გიშფოთებს წარსულზე ფიქრი
და შემოდგომის სევდა ფარული;
დღითი-დღე კარგავ
სულზე უტკბეს ადამიანებს,
და სიკვდილამდე
მათზე ფიქრი გადარდიანებს...
კარგავ იმედებს,
აკოწიწებ ისევ თავიდან
და ვერც გებულობ,
რომ ცხოვრება
უკვე გავიდა.
მოდიხარ მაინც
და მოარღვევ ათასწლეულებს
და თავზე გაწვიმს ხანაც ლაფი,
ხან სისხლის თქეში,_
მაინც სუფთა ხარ,
დიდებული და სანატრელი,
როგორც წყალუხვი ოაზისი
თაკარ სიცხეში.
ამ ფართი-ფურთში,
ამ ჯახირში გადის სიცოცხლე...
ასე დღითი-დღე უახლოვდები
შორეულ ფინიშს
და ძლივსღა მიგაქვს ესტაფეტა_
დაღლილი სული
და ნაწამები სხეული შენი;
დადგება ჟამი...
ჩერდება დრო და
ქრება მანძილი,
ჩაიძირები არარსებობის
მდუმარ ქვესკნელში,
სადაც განგბანენ დავიწყების
მღვრიე ზვირთები
და მდინარიდან ამოხვალ კდემით,
მოკრძალებით და მოწიწებით;
სტიქსის ზვირთები თან წაიღებს
მთელ შენს ცხოვრებას,
როგორც უამურ,ტკბილ-მწარე სიზმარს,
მერე,კარგა ხანს,
კვლავ მოგიწევვს რიგში ჩადგომა
და მოთმინება,შეიძლება დიდხანს ლოდინიც,
რათა ათასჯერ გარდაცვლილი,
ათასმეერთედ მოევლინო ჩვენს ცოდვილ,
მაგრამ სანუკვარ მიწას.
შენც კარგად იცი,
გაზაფხულზე რისთვის აგებენ მერცხლები ბუდეს,
რისთვის ქრის ქარი,
რისთვის ათთრთოლებს გზნებით
ხის ტოტებს,
რისთვის ეხლება ყვავილი ყვავილს
და სცვივა მტვერი,
რისთვის ეძებენ თვალები თვალებს_
თრთოლვით და კდემით...
რა საჭიროა,აგიხსნა ახლა
რატომ ამოდის მზე ყოველ დილით?
ისედაც იცი,
რომ იგი ავსებს ხის ტოტებს წვენით
და ყოველ სულდგმულს უნაწილებს,
როგორც ელექსირს
ჯადოსნური სიყვარულისას;
ატირებს ვაზებს,როგორ მიჯნურებს
და სისხლძარღვებშიც ისე ტკბილად
ჩუხჩუხებს სისლი,
რომ სიყვარულიაუცილებლად დაიყვავილებს!
...და,აი,მაშინ შენც ამოხვალ
ქვესკნელით_ზესკნელს,
ამოხვალ მამრის მტკიცე ნებით,
მდედრის სინაზით...
ბუნების ურყევ კანონის წესით.
ამოხვალ,რათა მუცლად გიღოს დედამ_ბუნებამ,
და ერთი ციცქნა,თვალთუხილავი უჯრედიდან
ისევე იქცე საოცრებად_ადამიანად
და განმეორდე,
რათა კიდევ იხილო ზეცა,
კვლავ იყვავილო და აივსო მწიფე ნაყოფით,
რომ ერთხელ კიდევ განიცადო
ამ ცხოვრების სიტკბო-სიმწარე.
...მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა,
ადრე რა ფერის გქონდა თვალები
და ამ ყოფაში დაგყვა რაგვარი,
ნუ შეგაწუხებს იმაზე ფიქრი,
სხვა დროს ვინ მოვა
შენი სახელით...
რაც მთავარია,იყავ და რჩები ადამიანად
და არ გამხდარხარ უკეთურთა თანაზიარი
და როცა კვდები,გწამდეს,გჯეროდეს,
თუ კვდები კაცად_კაცად აღსდგები,ოღონდ...
ამ ქვეყნად სიყვარული უნდა მეფობდეს
და ზამთარ-ზაფხულ იყოს ულევი
მზე და ყვავილი!
ადამიანო!
გახსოვდეს მარად,
რათა შენ ისევ გამოგიხმონ ამ სამოთხეში
და შენი თავი წაჰგვარონ ჰადესს,
როგორც ნადავლი,
დედამიწაზე სიყვარული უნდა მეფობდეს!
დედამიწაზე სიყვარული უნდა მეფობდეს,
რათა ყოველი განმეორდეს ისევ თავიდან
და შენი ჯიში და ჯილაგი იყოს უკვდავი.
ამ სიყვარულის შემომქმედი კი შენ ხარ თავად,
შენ უნდა თესდე და არწყულებდე
მის სათუთ ყვავილს,
სანამ აქა ხარ,
რათა კვლავ შეძლო,რომ ჩასახლდე
იმის ბუტკოში
და კიდევ ერთხელ ჩაგედგას სული...
უნდა შეგეძლოს მიტევებაც და პატიებაც,
უნდა გიყვარდეს ხეც,ბალახიც,ქვაც და მდინარეც...
რადგანაც ქვეყნად ყველაფერი არსებობს შენთვის,
და რადგან ღმერთიც მხოლოდ შენშია_
შენ თავადა ხარ შემომქმედი
სიკვდილ-სიცოცხლის,
რადგან ნაყოფი,შენ რომ დაბადე,
რთ დროს დალპება
და იქცევა,უცილოდ,მიწად...
მაგრამ მანამდე წერე და ხატე,
ბარე და თოხნე...
ოღონდ,გაფიცებ,
მოთმინებამ არ გიღალატოს
და გაჩნდი რადგან ადამიანად,
მოკვდი ასევე...
უხმოდ დასცალე შენი წილი
შხამიც,შარბათიც
და აღარ დაგცდეს სამდურავი
ხვედრის და ბედის,
აღარ გაბედო რწმენის ღალატი,
უხმოდ ჩაყლაპე წყენაც და ცრემლიც...
და უდრტვინველად დაელოდე
ჟამს განახლების!

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥პოემები | ნანახია: 2137 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 ნ.კოლხი  
0
P.S.ჩემო ლამაზებო,მაპატიეთ,გამომრჩა,მაგრამ ,,სჯობს გვიან,ვიდრე არასდროს” და მიიღეთ ჩემგან ეს მიძღვნა დედობრივი
სიყვარულით:

,,ვუძღვნი ახალგაზრდებს_სიცოცხლისა და სიყვარულის უჭკნობ ყვავილებს!”
ნ.კოლხი

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]