.

მთავარი » 2013 » იანვარი » 24 » “დედამიწას სიყვარული ატრიალებს” “სამოსელი პირველი”
08:33
“დედამიწას სიყვარული ატრიალებს” “სამოსელი პირველი”

"დედამიწას სიყვარული ატრიალებს”- ეს გახლავთ რომან "სამოსელი პირველის” აზრობრივი ბირთვი, აზრობრივი ღერძი, რომელზედაც ტრიალებს მთელი რომანი: სამყაროს როგორც ერთიანი და მთლიანი სისტემის წესრიგი მის რიტმულ მოძრაობაშია დანახული, (დედამიწის ტრიალი), ხოლო წყარო, ბიძგი და საფუძველი ამ უმაღლეს საფეხურზე მოწესრიგებული მოძრაობისა, უმაღლესი ორგანიზაციისა, გახლავთ სიყვარული.


სიყვარულია სამყაროს შინაგანი ერთიანობის საფუძველი და კანონი – იგია მისი მამოძრავებელი, შემაკავებელი და გადამრჩენელი ძალა. ამ ძალის წყალობით უკავშირდება ადამიანი სამყაროს, როგორც ნაწილი მთელს: დომენიკო მაშინაც სრულიად სწყდება ნათელს, გრძნობს: ვიღაცას უყვარს. ეს "ვიღაცის” ფარული სიყვარული მისდამი და თავისი აშკარა სიყვარული ანა-მარიასადმი წარმართავს დომენიკოს გზას.ანა-მარია მუსიკოსია და ამავე დროს სიყვარულის მიმნიჭებელი დომენიკოსთვის: ანა-მარია სიყვარულის სიბრძნის კარს უხსნის დომენიკოს გულს და თავისი მუსიკით რთავს მთელ მის არსებას სამყაროს ერთიან შინაგან ველში, მის დიდ სუნთქვაში: "რა იყო მაინც, რა სული ედგა ხმათა მეუფეს, გამოუცნობი – თავი და თავი ფრინველი იყო, მერე ზღვა, ბნელში აქაფებული…მიწის სუნი და უცხო ფერებით, მომფერებელი, მესაიდუმლე… ამაყი ტანჯვის მომგვრელი ხმები… უცხო ქვეყანა, მონატრებული, ხმათა დუღაბით აგებული და მსუბუქი, რბილი… უსწორ-მასწორო, ლბილი საფეხურებით ტალღად დარწეული კიბე, ხან ზევით, ქვევით, კვლავ ქვემოთ და მაინც მაღლა, სულ მაღლა – მეუფისაკენ…”

სიყვარულია მარადიულ ღირებულებათა შორის ყველაზე დიდი და გამძლე; არ იწვება და არ იფერფლება მხოლოდ ანა-მარიას ამეთვისტო. მუსიკალურ პრიზმაში დანახული და განცდილი სამყარო, როგორც მოძრავი, ხმიერი მთელი – განაპირობებს რომანის საერთო სტილს,მის რიტმულ-მელოდიურ ენას: სიცოცხლის ვრცელი ნაკადი, მბრუნავ დედამიწაზე სიცოცხლის ერთიანი დენა – რომანის არსებითი თემაა. ამ ერთიან დინებაში არიან ჩართულნი პერსონაჟები: მიედინება სიცოცხლე, ცხოვრება აღვსილი სილამაზით და სიმახინჯით, მწუხარებითა და სიხარულით, სიბრიყვითა და სიბრძნით, არარაობითა და სიდიადით. სიცოცხლის ვრცელი ნაკადის ფონზე მოჩანს დომენიკოც: როგორც მდინარეში მოტივტივე საგანს წყალი, ასევე დომენიკოსაც – ყოველი მხრიდან ეხება სიცოცხლე, ზოგჯერ რომ თავზე გადაუვლის, ჩაძირავს, ფარავს და მაშინ მხოლოდ ერთიანი დინებაღა ჩანს: ასე გვეკარგება ხანდახან მთავარი პერსონაჟი, დაფარული სიცოცლის ერთიანი ნაკადით.

ანა-მარია,როგორ მუსიკა, როგორც სულის უმაღლესი ორგანიზაცია, კვდება უმდაბლეს საფეხურზე მდგარი,პრიმიტიული, უფორმო, ანიმალური, ბნელი ძალის – უგოს ხელით. მაგრამ იგი აგრძელებს სიცოცხლეს დომენიკოს სულში – და "მამის” ფარულ ხსოვნასთან ერთად განსაზღვრავს დომენიკოს შემდგომ გზას – თვითგანადგურების სურვილით შეპყრობილი გმირის სვლას კამორას სიბნელისაკენ, კამორასაგან მორალურ და რეალურ თავის დაღწევას და დაბრუნებას პირველსაწყისთან – მამასთან. ანა-მარიას სიყვარულსა და კანუდოსალთა თავისუფლების მსხვერპლურ-ამაღლებულ სამყაროს ზიარებული, განსაცდელგამოვლილი დომენიკოს მოპოვებული სიბრძნე ვლინდება სწორედ მომნანიებლურ დაბრუნებაში და მის საბოლოო საქციელში; იგი წვავს ბოძებულ საგანძურს – სამოსელ პირველს – მაღლდება რა ამქვეყნიურ ვნებათა ღელვაზე, ამ ვნებათა ღელვის საკუთარ ძარღვებში გამტარებელი, იგი ივსება კოსმიური სიყვარულით და ამგვარად განემზადება ახალი გზისათვის: სიტყვისათვის.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ჩანახატი | ნანახია: 2101 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]