.

მთავარი » 2013 » იანვარი » 11 » დამსეტყვე ცაო! ვაჟა ფშაველა
12:53
დამსეტყვე ცაო! ვაჟა ფშაველა

დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, 
აქა ვარ ჩემის თავითა, 
გულითა გაუტეხელი, 
მოუღალავი მკლავითა. 
რაც უნდა ჭირი მომკერძო, 
ბილწთ არ შავეკვრი ზავითა; 
მცნებას ვერ შემაცვლევინებ 
მოზღვავებულის ავითა!.. 
განა მარტო ვარ ამქვეყნად, 
სხვაც მრავალია ჩემფერა, 
ვისაც არავინ არ სწყალობს, 
წყევლას უბარებს ტერტერა. 
ის ვიცი, მითი ვნუგეშობ, 
გულიც მან გამიერთფერა. 
ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ, 
ხან შავაბიჯებ სერ-სერა; 
დავუკრავ მჭვარტლიანს ჩონგურს 
ათასჯერ, განა ერთხელა; 
და ზედ დავმღერებ იმასვე, 
რასაც დღესნამდე ვმღეროდი… 
მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი 
გულ-მკერდზე დაიწეროდი! 
ბარო, წარბნი და წამწამნი 
იმ სიტყვით დაიკეროდი!.. 
ისევ მტერი ვარ იმისა, 
ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, _ 
იგივე მიყვარს, იგივე, 
ვისაც ამ სოფლად ვრჩეობდი. 
სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს, _ 
კეთილსა ვყვანდე ზიარად; 
ვერ მივცემ მტერსა მამულსა 
საჯიჯგნად, დასაზიანად… 
ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, _ 
ჯერ ისევა ვარ ფხიანად. 


კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 1321 | დაამატა: anano | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]