.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 24 » წუხელ ღამით, ვსეირნობდი
12:44
წუხელ ღამით, ვსეირნობდი

წუხელ ღამით, ვსეირნობდი, ზეცა ფიქრით მათრობდა,
მზერა სადღაც გამიშტერდა, უცაბედად გათოვდა.
ქალის სახე უცნაური სხივით განათებულა,
თითქოს იგი ყველა თვეში ერთად დაბადებულა.

იანვარში თოვლის ფიფქის მოუპარავს სითეთრე,
და ბავშვური ხასიათის დაჰყოლია სიცელქე,
თებერვლისგან უთხოვნია ყინვა, თოვლი, ავდარი,
უიმედო გრძნობების რომ გაგინელოს ხანძარი.

მარტის გიჟურ ამინდივით დალალები დაჰყრია
და აპრილის ყვავილობა მხოლოდ მისი შარმია.
ღიმილი კი იმქვეყნიურ ელვარებას ასხივებს
და მაისის სილამაზეს სულ მთლად გადაგავიწყებს.

ივნისისგან უსწავლია სიდინჯე იმ აისის,
ივლისში რომ ერთფეროვან ერთგულებას განიცდი.
აგვისტოს თვის ზღვის სილურჯე გადაუსხამს თვალებში,
მხოლოდ ერთი შემოხედვით ფსკერზე გტოვებს დალეწილს.

სექტემბერში ტანადობა ინათხოვრა ვაზისგან,
ნოემბერში დაწურული ღვინოსავით გაგთიშავს.
დეკემბრისგან გადმოიღო ყოფნა ულევ მხარეში,
რომ სიკვდიმდე მისი ტრფობა იყოს უნეტარესი.

მე თერთმეტი თვის წყალობა მივაწერე ბანოვანს
და ვერ მივხვდი მეთორმეტე ასე რატომ გამომრჩა.
ის კი თურმე ოქტომბერში მოევლინე ქვეყანას,
შემოდგომის მიწურულს რომ ფოთოლცვენა ენახა.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 885 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]