.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 27 » სახლი მინდოდა მქონოდა მიშა ფხალაძე
00:50
სახლი მინდოდა მქონოდა მიშა ფხალაძე
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი,
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
ავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს

გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიხცულ მგზავრებს
ცივი წლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს,
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს.

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს.
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.

წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალოდ ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1012 | დაამატა: batuma | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 n.კოლხი  
0
მომწონს,ვაჟკაცური ლექსია...სწორედ რომ ვაჟკაცობის დეფიციტი აქვს ახლა ჩვენს საცოდავ ქვეყანას.წარმატებებს გისურვებ,მიშა!!!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]