.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 16 » მონატრება
11:25
მონატრება

როს ბედნიერება ისევ გადაწონა
ჩემმა უბედობის სიმძიმემ,
აწი არავისგან ველი შეწყალებას ,
არა, არავისგან, ვიცი მე.

ოი მონატრებავ, სული გაწეწილი
ქარებს გავატანე დარდიანს,
კაცის დაბადება თუკი ზღაპარია,
მაშინ სინამდვილე რას ჰქვია.

ოი მონატრებავ, ჩემთვის ყველაფერი,
ისევ უცნაურად ბინდდება,
ვისთვის მცირეა და ვისთვის ბუმბერაზი,
ღმერთის ნაჩუქარი დიდება.

ოი მონატრებავ, რატომ უნდა დაჭკნეს,
ჯერ არ გაუშლელი ყაყაჩო...
ოი დამიბრუნდი თორემ ეს ტკივილი,
სადგაც უმოწყალოდ დამახრჩობს....

ოი მონატრებავ, უსასრულობიდან
მესმის საუკუნის ძახილი,
მერე როგორც ტალღა, ტალღა ოკეანის,
ფიქრებს ვეხეთქები დაღლილი...

ოი მონატრებავ, ისევ გამიფრინდი
ლოცვა ვერ მოვასწარ ბოლომდის,
გესმის... დავიღალე, ძლიერ დავიღალე,
სული ვეღარ იტანს მოლოდინს.

ოი მონატრებავ, წაშლილ ნაკვალევზე,
დარჩა სიჭაბუკის ნაცარი,
ჩემი მონატრებით იწვის ცა და მიწა,
ზღვასაც გადაედო ხანძარი.

ოი მონატრებავ, ადამიანები
ძალზედ გვიან, გვიან მოდის გონს,
ვიღა დაამშვიდებს დაჭრილ დედამიწას,
კაცობრიობა რომ ცოდვილობს...

ოი მონატრებავ, ნატვრის ღამეები,
ვერა, ვერაფერზე გავცვალე,
ახლა ძველებურად მინდა აგიტირდე,
ბარემ ეს ტირილიც მაცალე.

ოი მონატრებავ, ძლიერ მომენატრე,
ისევ დამიბრუნდი ზღაპრიდან,
ჩვენი სიყვარული, დაფნის გვირგვინებით,
ვარსკვლავებისაკენ გაფრინდა.

როცა განთიადის სული ინამება,
როცა მამლის ისმის ყივილი,
დიდი ტკივილია თურმე მონატრება,
თანაც უსაშველო ტკივილი....

/ იური ჩიხლაძე / 
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 965 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]