.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 31 » ჩემი ახალი წელი ნ.კოლხი
21:19
ჩემი ახალი წელი ნ.კოლხი

დრო მაინც მიდის...სულ ცოტა ხანში 
ახალი წელი კარს მომადგება; 
შემოიხედავს ჩემს ბნელ სენაკში 
და...კარის ზღურბლზე შეყოყმანდება;_ 

აღარც ნაძვის ხე,არც მაჭახელა, 
(თოფი კედელზე ჰკიდია ობლად)_ 
აღარც:,,რა მოგაქვს,ახალო წელო?”, 
აღარც ,,ალილო”,აღარც ,,რაშოვდა”;_ 

მტევნებშემხმარი ვენახი მხოლოდ_ 
მე, ამ სენაკის ჩუმი ხიზანი, 
კიდევ...კედელზე ორი ჭაბუკი_ 
ჩემი ქმარ-შვილი,ერთი ხნისანი. 

ავანთებ სანთელს,წავუქცევ ჭიქას, 
პურს დავაწვეთებ წითელ ზედაშეს; 
_როგორ შევხედოთ ერთმანეთს თვალში, 
როგორ მოვრიგდეთ ჟამო,მე და შენ?! 

მივალ და ფართოდ გავაღებ კარებს, 
ქარებს დავუთმობ ჩემს სამყოფს სულმთლად_ 
იქნებ მოძებნოს, მოხეტიალემ 
შემომიტანოს იმათი სუნთქვა. 

ზუსტად თორმეტზე მივალ ხატებთან, 
ვილოცებ ცრემლით თვალდაბინდული... 
კარს გაიხურავს ახალი წელი, 
გაიძურწება თავჩაქინდრული. 

31.12.12. ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1026 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]