.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 14 » ვაჟა ფშაველეა ვადამსეტყვე, ცაო
20:26
ვაჟა ფშაველეა ვადამსეტყვე, ცაო


დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,

აქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გაუტეხელი,
მოუღალავი მკლავითა.
რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შავეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლევინებ
მოზღვავებულის ავითა!..
განა მარტო ვარ ამქვეყნად,
სხვაც მრავალია ჩემფერა,
ვისაც არავინ არ სწყალობს,
წყევლას უბარებს ტერტერა.
ის ვიცი, მითი ვნუგეშობ,
გულიც მან გამიერთფერა.
ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ,
ხან შავაბიჯებ სერ-სერა;
დავუკრავ მჭვარტლიანს ჩონგურს
ათასჯერ, განა ერთხელა;
და ზედ დავმღერებ იმასვე,
რასაც დღესნამდე ვმღეროდი...
მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი
გულ-მკერდზე დაიწეროდი!
ბარო, წარბნი და წამწამნი
იმ სიტყვით დაიკეროდი!..
ისევ მტერი ვარ იმისა,
ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, _
იგივე მიყვარს, იგივე,
ვისაც ამ სოფლად ვრჩეობდი.
სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს, _
კეთილსა ვყვანდე ზიარად;
ვერ მივცემ მტერსა მამულსა
საჯიჯგნად, დასაზიანად...
ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, _
ჯერ ისევა ვარ ფხიანად.

კატეგორია: ♥პოემები | ნანახია: 863 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]