.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » ცოლქმრული ურთიერთობის შემოდგომა
13:38
ცოლქმრული ურთიერთობის შემოდგომა



ჩაიარა მხიარულმა ქორწილმა, მეტეორივით ჩაიქროლა თაფლობის თვემ და დაიწყო ცოლქმრული ცხოვრების წლები. თითქოს არცთუ ისე დიდი ხნის წინ აღვნიშნეთ ქორწინების მე-10 წლისთავი და უკვე ვერცხლის ქორწილმაც მოგვიკაკუნა... ადამიანის ცხოვრება მთაზე ასვლას ჰგავს. ბავშვობიდან მოყოლებული, ის სულ ზევით და ზევით მიფოფხავს, იქ, სადაც მზით განათებული, ოქროსფრად მბრწყინავი, ძნელად მისაღწევი მწვერვალია. გადის წლები, ათწლეულები, მიზანი უფრო და უფრო ახლოვდება, აი, თითქოს გამოჩნდა კიდეც... და ამ დროს ადამიანი ამჩნევს, რომ წასასვლელი აღარსადაა და ქვევით უნდა დაეშვას. ადამიანის ცხოვრების შემოდგომა დიდი და სერიოზული პრობლემაა, რომელიც მრავალი სპეციალობის მეცნიერთა შესწავლის საგანია. პრობლემა მრავალწახნაგოვანია, თავისებური, მნიშვნელოვანი არა მარტო ცალკეული ადამიანისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. მისი ერთ-ერთი წახნაგია ხანდაზმული ასაკის სქესობრივი ცხოვრება.

ამ პერიოდში სქესობრივ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებში შეიძლება გამოვყოთ ორი ძირითადი მიმართულება. პირველი, რომელიც შედარებით იშვიათად გვხვდება, არის სქესობრივი ლტოლვის გაძლიერება, პირველ რიგში, მამაკაცებში, მაგრამ სათანადო ფიზიკური შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარეშე. მეორე, რომელიც გაცილებით ხშირია, სქესობრივი სურვილისა და შესაძლებლობების გაქრობას გულისხმობს. როგორც ცნობილია, მამაკაცის ორგანიზმში სასქესო ჰორმონები, ისევე როგორც სპერმატოზოიდები და სათესლე სითხის ყველა სხვა კომპონენტი, ღრმა სიბერემდე გამომუშავდება, თუმცა ნაკლები ინტენსივობით. შესაბამისად, სქესობრივი ლტოლვა არ ქრება, თუმცა სუსტდება. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, "შემოდგომის" დამდეგს იზრდება განქორწინებათა რიცხვი - როგორც წესი, მამაკაცების ინიციატივით. ბავშვები გაიზარდნენ, ალიმენტის გადახდა აღარ არის საჭირო, ხოლო მამაკაცი 50-60 წლის ასაკშიც კი იმდენად ძლიერია, რომ სავსებით შეუძლია ახალი ოჯახის შექმნა, თანაც - ყოფილ ცოლზე გაცილებით ახალგაზრდა ქალთან. ოჯახში პრობლემები იჩენს თავს, როდესაც ერთ-ერთ მეუღლეს უქრება სქესობრივი ლტოლვა. სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებისა და გაქრობის მიზეზი შეიძლება იყოს ნერვულ-ფსიქიკური აპარატის გადაძაბვა, დაავადებები, გადაღლა, ნაყროვანება, რომელიც სიმსუქნეს იწვევს, ცხოვრების უმოძრაო წესი. ხანდაზმულ მამაკაცებზე გავლენას ახდენს ცრურწმენები, არასწორი სქესობრივი აღზრდა, რომელიც მძიმე ტვირთად აწევს ფსიქიკას და არ აძლევს მას გრძნობების დაუფარავად გამოხატვის საშუალებას. ხდება ორი პროცესის თანხვედრა: ერთი მხრივ, სქესობრივი ლტოლვა სუსტდება, ნერვულ-ფსიქიკური პროცესები ნელდება (მაგრამ არ წყდება), უარესდება სასქესო ასოს ერექცია, რთულდება სქესობრივი აქტის განხორციელება; მეორე მხრივ, ეს ფონი ხელსაყრელი ნიადაგია ერთ-ერთი მეუღლისთვის სქესობრივი ცხოვრების გაგრძელებაზე ფსიქოლოგიური უარისთვის და ხშირად აღმოცენდება კონფლიქტები. ხანდაზმული მამაკაცების უმეტესობას სრულიადაც არ უჭირს სქესობრივი ცხოვრებისგან ხანგრძლივი თავშეკავება, თუმცა ეს ამ ასაკში არა მარტო არასასურველად მოქმედებს ორგანიზმზე, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს სექსუალურ შესაძლებლობებს. იმავდროულად, ცნობილია შემთხვევები, როდესაც 50-60 წლის მამაკაცები, ცოლთან  რომ არაფერი გამოსდით, ეძებენ სქესობრივ კავშირებს ოჯახის გარეთ, იმ იმედით, რომ ახალგაზრდა ქალი მათ "მეორე ახალგაზრდობას აჩუქებს". და სწორედ აქ ელით მათ იმედგაცრუება. ასაკობრივი თავისებურებების გამო ხანდაზმულ მამაკაცებს გაცილებით მეტი ხანი სჭირდებათ ერექციის მისაღწევად. ეაკულაციის შემდეგ ერექცია მომენტალურად ქრება, ხოლო რეფრაქტერული პერიოდი არა წუთობით, არამედ საათობით, ზოგჯერ დღეობითა და კვირაობითაც კი გრძელდება. ეს ყოველივე ადვილი ასახსნელია, თუმცა საქმე მაშინ რთულდება, როდესაც ახალგაზრდა სქესობრივი პარტნიორი გულახდილად გამოხატავს თავის უკმაყოფილებას. ამ დროს დიდია იმპოტენციის განვითრების ალბათობა. უფრო მეტიც - სქესობრივი აქტის ტემპის შენელება და მისი რიტმის გაიშვიათება ორგანიზმის მნიშვნელოვანი დამცველობითი ფუნქციაა. სქესობრივი აქტის დროს საგრძნობლად იზრდება არტერიული წნევა, ხშირდება პულსი და სუნთქვა, იხარჯება დიდი რაოდენობით ენერგია და თუ ახალგაზრდა, ელასტიკური სისხლძარღვები იოლად ეგუებოდნენ წნევის ხანმოკლე მატებას, ხანდაზმულმა მამაკაცმა ამას შესაძლოა ვეღარ გაუძლოს. თუ ახალგაზრდის გულის კუნთი ადვილად უმკლავდება დატვირთვას, ხანდაზმულის გულმა შესაძლოა ეს ვერ აიტანოს. ამიტომ სქესობრივი აღგზნების ხელოვნურად გაძლიერება ხანდაზმულ ასაკში დაუშვებელია. მაინც რა სიხშირით შეიძლება 50-60 წლის მამაკაცისთვის სქესობრივი აქტის ჩატარება ისე, რომ, ერთი მხრივ, მაქსიმალურად მეტხანს შეინარჩუნოს სექსუალური შესაძლებლობები, ხოლო მეორე მხრივ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს? სპეციალისტების აზრით, სქესობრივი ცხოვრების რიტმი უნდა შეესაბამებოდეს მამაკაცის მოთხოვნილებას ყოველგვარი ფსიქოლოგიური აუცილებლობის გარეშე როგორც მამაკაცის, ისე ქალის მხრიდან. თუ ქმარს ამის მოთხოვნილება არ აქვს, ყოველგვარი ძალდატანება არა მარტო გაზრდის წარუმატებელი ცდების რაოდენობას, არამედ საფრთხის ქვეშ დააყენებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ცოლ-ქმარს ამ შემთხვევაში მართებს მეტი ოპტიმიზმი, საკუთარი თავის რწმენა, სიცოცხლის ხალისი. მათ ხელშია არა მარტო სიცოცხლის, არამედ ბედნიერი სიბერის პერიოდის გახანგრძლივებაც. მრავალი ავტორის მოსაზრებით, რეგულარული სქესობრივი ცხოვრება ზრდის ორგანიზმის ამტანობას დაავადებათა მიმართ და სიცოცხლის ხანგრძლივობას. ცნობილია, რომ უცოლო მამაკაცი და გაუთხოვარი ქალი გაცილებით ხშირად ავადმყოფობენ და ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც მეუღლესთან ერთად აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან. ქალი მანამდეა ახალგაზრდა, ვიდრე ის უყვართ. ასე რომ, ქალბატონებო, ყველაფერი იღონეთ, რათა 50-60 წლის ასაკშიც კი მიმზიდველი იყოთ მამაკაცისთვის. ეცადეთ, არ მოიმატოთ წონა, ხანდაზმულ ასაკშიც არ დაკარგოთ მოძრაობის ელასტიკურობა, გრაციოზულობა. ეს არა მხოლოდ მომხიბლაობას, არამედ ჯანმრთელობასაც შეგინარჩუნებთ. მამაკაცების საყურადღებოდ: ნუ იფიქრებთ, რომ გარეგნობას ყურადღება მხოლოდ ქალმა უნდა მიაქციოს. მართალია, მამაკაცს ჭარბი წონა ისე არ უშლის ხელს, როგორც ქალს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მამაკაცი, რომელიც არ იცავს დიეტას, არ ვარჯიშობს, ხმარობს მაგარ სასმელებს, განწირულია სიმსუქნისთვის და, შესაბამისად, ავადმყოფობისთვისაც. თავი არიდეთ ჩხუბს. ქირწინების პირველ წლებში უთანხმოებები, როგორც წესი, საშიში არ არის, ცოლქმრული ცხოვრების დაისზე კი ხშირი კამათი ცუდად მთავრდება. ამასთან, ცოლქმრული ურთიერთობისთვის საშიშია არა ხანმოკლე დავა, რომელიც გარდაუვალია მჭიდრო კონტაქტის დროს, არამედ ნელ-ნელა დაგროვილი პატარ-პატარა წყენები, მზარდი გაღიზიანება, რომელიც შესაძლოა სიძულვილშიც გადაიზარდოს. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომელიმემ დათმოს, პირველმა გაუწოდოს ხელი, აკოცოს. ცხოვრებას მასშტაბურად უნდა შევხედოთ. ნუ გვეგონება, რომ მთავარი ჩვენი სიმართლის დამტკიცებაა. ტაქტიანად მოექეცით ერთმანეთს, კამათის დროს ეცადეთ გაიხსენოთ სასიამოვნო მომენტები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას ალამაზებდა. ცოლქმრული შემოდგომა არ ნიშნავს ინტიმური ცხოვრების დასასრულს - მზე ჩამავალიც ხომ ალერსიანია.

კატეგორია: ♥სასიყვარულო რჩევვა | ნანახია: 917 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]