.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » საშობაო ბარათი თ.ს.-ს
20:13
საშობაო ბარათი თ.ს.-ს



გამოიარე ეს გზა მაშინ, როდესაც დილა-
-ხელისგულებზე გადაკეცილ ამინდებს ფიქრობს,
და ეს წერილიც ისეთივე.. – რომ თითქმის კბილი
(ღმერთმა შემინდოს) რაღა თითქმის, ტკივილი, მიკრო-
-ელექტრონული ვაგონებით, სულამდე ჩადის.

გამოიარე, დღეს შობაა, (გილოცავ აქვე),
ქუჩა, რომელიც
ეკლესიის
ეზომდე ჩადის,
ჩადის რატომღაც და ყოველთვის ბრუნდება უკან,
"მდე”-ანუ შიგნით არასოდეს. ეს ჩემი საქმე-
-ასეა ვამბობ. დღეს შობაა და მე და ქრისტე
ერთმანეთს თითქმის არც კი ვიცნობთ
და დედა სანთლებს
ანთებს ფანჯრებთან-ღიას ტოვებს, არ ვიცი რატომ,
ჰო გარეთ ცივა, ზამთარია და სახლში ვამტვრევ
სიცივეს- ლექსით, ტეხასურის გაცვეთილ კარტით.

გამოიარე ამ გზით მაშინ, როდესაც არ წვიმს,
და მზე როდესაც კინოსავით იწყება ცაზე,
დილა როდესაც სხეულიდან სიბნელეს იჭრის,
ამოახველე სულში ობლად ჩამხმარი ცარცი.
ეს ჩემი სუნთქვა, შენ კი იცი (ლექსივით უკვე),
დღითიდღე ნაკლებს რომ გამოდის კონტაქტზე ჩემთან,
რომ ერთი ჩვევა-სიგარეტი ვერ დავთმე, უკან
თუ მოვისროლე ანთებული. ჩვენთან არს ღმერთი!

გწერ სულ უბრალოდ, წერილია უთუოდ ჩემში,
და ცხოვრებაში მე პირველად გილოცავ შობას,
დგას ღამისთევა ტაძრის კართან და შიგნით შედის,
ჩემი ქუჩა კი მიუყვება თავის თავს ობლად.
გამოიარე ამ გზით მაშინ როდესაც დუმილს,
მხოლოდ მოხრილი მეეზოვეს შიშინი არღვევს,
გამოიარე… ეგ პატარა ბეღურა გული..
და უთვალებოდ გაიარე ჩემში, ამ გზაზე.

 მიშო დადიანი

კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 879 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]