.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » ფიზიკური განვითარება პატარა ზარმაცობს
13:40
ფიზიკური განვითარება პატარა ზარმაცობს



გგონიათ, თქვენი პატარა არასათანადოდ აქტიურია? ზარმაცობს თუ შეუძლოდ არის? როგორ ავამოძრაოთ იგი? ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი ნანა ჟღენტი გვიპასუხებს.


- არსებობს თუ არა ნორმატივები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ პატარა ნაკლებად მოძრავია, ზარმაცია?
- ზოგიერთი ჩვილი ადრევე იწყებს ინტენსიურ მოძრაობას, ზოგიერთი არასაკმარისად აქტიურია და ურჩევნია, სასურველი დედის ხელით მიიღოს. ამიტომაც შეიქმნა მოტორული განვითარების ნორმატივები ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ამა თუ იმ მოძრაობითი ჩვევის ფორმირება იმაზე მიუთითებს, როგორ ვითარდება ბავშვის ნერვული სისტემა. თუ პაწია "გრაფიკის" მიხედვით ითვისებს ამა თუ იმ სიახლეს - ეს კარგის ნიშანია, თუმცა ნორმიდან გადახრა ყოველთვის მძიმე მდგომარეობაზე როდი მეტყველებს. უნდა დავიხსომოთ, რომ მსუქანი ბავშვები ნაკლებად აქტიურნი არიან და საკმაო ძალისხმევა სჭირდებათ, რათა ჯდომა, ხოხვა, სიარული ისწავლონ.


- რა აფერხებს ჩვილის მოტორულ განვითარებას?
- ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია, ინდივიდია. სწორედ ეს არის გადამწყვეტი აქტიურობის შეფასების დროს. ჩვილის მოტორული განვითარების შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიურმა სტრესმა, დაავადებამ და სხვა არახელსაყრელმა ფაქტორებმა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ პირობებში იზრდება იგი, რამხელა სივრცე აქვს მოძრაობისთვის. არანაკლებ როლს ასრულებს ჩვილის ხასიათი. ისევე როგორც მოზრდილებს შორის, ბავშვებს შორისაც არიან უფრო წყნარები და მშვიდები. სიცოცხლის პირველსავე წელს შესამჩნევია, რომ ზოგიერთი პატარა გატაცებულია საგნის (სათამაშოს) აგებულებით, შეუძლია დიდხანს ატრიალოს, გულდასმით ათვალიეროს, თითქოს მის სიღრმეში ჩაწვდომა სურსო. ზოგიერთს კი გამუდმებით სჭირდება ახალ-ახალი შთაბეჭდილებები, ახალი სათამაშოები, მათი გარეგნული მხარე იტაცებს. ჩვილის მოტორულ აქტივობაზე გავლენას ახდენს სიფრთხილეც. ზოგიერთი მეტად გამბედავია, ზოგი კი სილურჯეებსა და კოპებს ერიდება. ცხადია, ნებისმიერი მშობელი შეშფოთდება, თუ შეამჩნია, რომ მისი პატარა სხვა ბავშვებივით აქტიური არ არის, მაგრამ ეს ყოველთვის დაავადებაზე როდი მეტყველებს. თუ ბავშვს არ აქვს პრობლემები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ, საშიში არაფერია. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევებს, ჩვეულებრივ, სიცოცხლის პირველსავე თვეებში ამჩნევენ. ეჭვის შემთხვევაში პედიატრი დამატებით გამოკვლევებს ნიშნავს. ასევე არაფერია საგანგაშო, თუ ბავშვი ამყარებს კონტაქტს ნაცნობ უფროსებთან, 2 თვის ასაკში აფიქსირებს მზერას და გიყურებთ თვალებში, 3 თვის ასაკში იღიმება, 4 თვის ასაკში გამოხატავს ემოციებს, თამაშის დროს - სიხარულს, დამატებითი საკვების მიცემისას - გაკვირვებას ან უკმაყოფილებას, ინტერესდება სხვადასხვა ნივთით, გამოსცემს ბგერებს, ცდილობს, ჟესტებით მიგვახვედროს, რა სურს, 4-5 თვიდან იწევს მისთვის საინტერესო ნივთებისკენ. ყველა ეს ნიშანი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მოტორული განვითარება ფსიქიკურის კვალდაკვალ მიმდინარეობს: ბავშვში იღვიძებს შემეცნების წყურვილი, ინტერესი, ცნობისმოყვარეობა და ეს ყოველივე მოძრაობის სტიმულად მიიჩნევა.


- რას ურჩევთ მშობლებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი პატარა საკმარისად აქტიური არ არის?
- შესთავაზეთ ბავშვს საინტერესო სტიმულები, ოღონდ ნუ ეცდებით, ძალით გააკეთებინოთ რაიმე.

  • თუ 3 თვის ასაკში ჩვილი თავს ვერ იჭერს, იგი ხშირად უნდა დააწვინოთ მუცელზე, დაუდოთ წინ მისთვის საინტერესო ნივთი;
  • თუ 4 თვის ბავშვი ვერ იჭერს საგნებს და ხელიდან ხელში არ გადააქვს, შესაძლოა, ეს ნივთი მოუხერხებელი იყოს ხელში დასაჭერად. პატარები ცდილობენ, ჩაეჭიდონ ფეხის თითებს და პირისკენ წაიღონ. დაეხმარეთ ამაში.
  • 5 თვის ბავშვი ცდილობს, ზურგიდან მუცელზე გადაბრუნდეს. თუ უჭირს, დაეხმარეთ. მოიშველიეთ ხმოვანი სტიმული - ხმოვანი სათამაშო. შეიძლება, ფეხები მოვუხაროთ და გვერდზე გადავუტანოთ, დანარჩენს თვითონ გააკეთებს.
  • 6 თვიდან ბავშვების უმრავლესობა წამოჯდომას ცდილობს. ამას ყველა ბავშვი თავისებურად აკეთებს. თუ ჩვილის დახმარება გვინდა, უმჯობესია მწოლიარე ხელჩაჭიდებული წამოვსვათ და არა პირდაპირ დავსვათ.
  • 7 თვიდან ჩვილები სივრცეში გადაადგილებას ცდილობენ. ზოგი ოთხზე დაცოცავს, ზოგი მჯდომარე გადაადგილდება. შეგიძლიათ დაეხმაროთ მას და წინ, მცირე მანძილზე, დაუწყოთ სათამაშოები, შეუქმნათ მარტივი დაბრკოლებები, რათა გადალახოს ან შემოუაროს. ერთი სიტყვით, მიეცით საშუალება, უფრო მეტი იშრომოს მიზნის მისაღწევად.
  • 8 თვიდან ზოგიერთი ბავშვი ცდილობს, რამეს დაეყრდნოს და წამოდგეს. დაეხმარეთ მას, მაგრამ ნუ შეშფოთდებით, თუ ჯერ კიდევ ზარმაცობს და დადგომა არ სურს. სასურველია, ამ პერიოდში ჩატარდეს მასაჟის კურსი მოძრაობათა სტიმულაციისთვის, მსუბუქი სამკურნალო ვარჯიშები ამავე მიზნით.
  • 9 თვიდან ბავშვი ფეხზე დგება. ძალით ნუ დააყენებთ, მაგრამ თუ ხედავთ, რომ წამოდგომას ცდილობს, დაეხმარეთ. თუ ჩვილი აქტიურად დახოხავს, მაგრამ ადგომის სურვილს არ ამჟღავნებს, საგანგაშო არაფერია. მთავარია, თავისუფლად გადაადგილების  საშუალება ჰქონდეს. საინტერესო ნივთები ისეთ ადგილას დაულაგეთ, რომ მათ ასაღებად ადგომა და ნაბიჯის გადადგმა დასჭირდეს.
  • ერთი წლისთვის პრაქტიკულად ყველა ბავშვი სწავლობს ნაბიჯების გადადგმას, თუმცა დამოუკიდებლად სიარულს თავისი დრო აქვს. ნუ ააჩქარებთ პატარას - დაიხსომეთ, მის ნერვულ სისტემას საამისოდ მომზადება სჭირდება, სიარული ძალზე რთული პროცესია მოძრაობის კოორდინაციის თვალსაზრისით.


- გასაგებია მშობლის გულისტკივილი, როდესაც მისი პატარა ასაკობრივი ნორმის მიხედვით არ ვითარდება. რა შეუძლია ასეთ დროს ექიმს და ვის უნდა მივმართოთ?
- პედიატრს შეუძლია, შეაფასოს ჩვილის საერთო მდგომარეობა, ურჩიოს მშობელს, რომელ მაჩვენებლებზე აიღოს ორიენტაცია. საქმე ის არის, რომ რაც ერთისთვის ნორმად მიიჩნევა, მეორისთვის შესაძლოა პათოლოგიის გამოვლინებად ჩაით ვალოს. ბავშვთა მასაჟისტს შეუძლია, ჩაატაროს კუნთოვანი სისტემის გასააქტიურებელი მასაჟი, სპეციფიკური მანიპულაციებით მოახდინოს ტვინის სტიმულაცია. ორთოპედი იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, ხომ არ აქვს ბავშვს ძვალსახსროვანი სისტემის განვითარების თანდაყოლილი შეფერხება ან პათოლოგია. ბავშვთა ნევროლოგი სპეციალური მეთოდებით შეაფასებს, როგორ რეაგირებს პატარა სხვა დასხვა გამღიზიანებელზე, აქვს თუ არა ნერვული სისტემის მომწიფების პრობლემები. სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტს შეუძლია შეურჩიოს ბავშვს ვარჯიშთა სპეციალური კომპლექსი, რომელიც მოძრაობის სტიმულაციას მოახდენს, მოტორიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. მიმართეთ ექიმს და მიიღეთ მისი რჩევები, მაგრამ ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია გარემო. ნუ მიანდობთ თქვენი შვილის აღზრდას მთლიანად ძიძას, აუცილებლად გამონახეთ დრო მასთან სათამაშოდ. ნუ მიაჩვევთ უმოძრაო ცხოვრების წესს - ტელევიზორსა თუ კომპიუტერთან გართობას, ხშირად ისეირნეთ მასთან ერთად, უქმეები ბუნების წიაღში გაატარეთ, მიეცით მაგალითი თქვენი აქტიური, ჯანსაღი ცხოვრების წესით.

კატეგორია: ♥სასიყვარულო რჩევვა | ნანახია: 1220 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]