.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » ფარული ვედრება
20:14
ფარული ვედრება


დილა იყო,
მზე თვალებში ამოვიდა…
გარეთ ძმები აფხიზლებდნენ ცხენებს,
ნენე იდგა იქვე როგორც ქრისტიანი
და სხვის ღმერთზე ლოცულობდა ნენე…

უყურებ და ხვდები თუ რა რისკი არი
"ქრისტე აღსდგა” – გააყოლო გამვლელს,
ბაბა კოცონს სულს სულივით უბერავდა
და ლექსივით იწყებოდა კვამლი.

შემდეგ ჩემი პატარა ძმაც იღვიძებდა
და საუბარს უძებნიდა საბაბს,
- ბაბა მინდა წავიდე და მოვინათლო,
გეხვეწები, ნუ დამიშლი ბაბა.

ნენე ცრემლებს ერეოდა
და კოროშინს იფარებდა კაბის,
- ეგ არ მითხრა თორემ ჭიშკარს გადავკეტავ
და სახლიდან არ გაგიშვებ ბაბი,

მოემზადე, ხვალ ჯამეში წიგიყვან და
შეგილოცენ მერე უკეთ იარ -
ყოველ დილით სახლში ასე საუბრობდნენ,
თუმც ჭიშკარი არ დაუკეტია

ბაბას,
ღმერთო!…
ერთხელ ისიც გავიგონე,
ნენეს უთხრა თან მოგებით ნიშნის,
ქალო შვილი არასწორად გაგიზრდია,
ზედმეტი აქვთ შვილებს ჩემი შიში,

შემდეგ სექვზე დაისვენა
და ტკივილიც შეერია ხმაში,
- სიკვდილამდე ერთხელ მაინც გამაგონე,
მოსანათლად გაგვეპარა ბავშვი!…

კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 891 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]