.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 12 » 8 ლექსი თბილისზე
01:00
8 ლექსი თბილისზე


თბილისი

მინდა ავვარდე მამადავითზე,
იქ აირჩიე, სულო ბინა შენ;
მინდა უეცრად მუხლზე დავეცე
ჩემი თბილისის და მზის წინაშე.

ჩემო ქალაქო! არ დამაკელი
შენ სიხარული მზისგან ფერილი,
თავზე გადგია, როგორც კანკელი,
ცა მოელვარე და აჟღერილი.

ვხედავ, ურმები ლორთქა თივებით
გზას ახარებენ აჭრიალებით;
მტკვარს მოჰყვებიან ფიჭვის ტივები,
ვით მოცურავე თეთრი ქალები.

სდუღან ოქროს და წითელ ღვარებად
კვირა დღეებით შენი ქუჩები,
და იცვლებიან ოხშივარებად
შენს გარეშემო მთები თუჯების.

შენს ალაყაფთან მსურს დავალაგო
ლექსები, როგორც სისხლის წვეთები...
მილიონ ხმებით სავსე ქალაქო,
დიდი სატახტო ხარ პოეტების.

პაოლო იაშვილი



თბილისი

ნუ დაუჯერებ ზღაპრად მოთხრობილს,
მაგრამ ეს ლექსი არის ნამდვილი:
მე დაჭრილი ვარ, როგორც ხოხობი
და თბილისში ვარ ჩამოვარდნილი.

მე ისე ლექსს რა გამაბედვინებს,
გულში თუ ტრფობის ქარი არა ქრის.
მიწა სჭამს ყველა ჯალალედინებს,
მიწა კვლავ ბრწყინავს თბილის-ქალაქის.

და დილით, მზე რომ გააღებს ცისკარს,
ერთ სხივს ჩემსკენაც გამოაგზავნის,
მე მზის სხივის და თბილისის ხნის ვარ,
მეც გაჩენილი ვარ გორგასალის.

მეც არ ვუჯერებ ზღაპრად მოთხრობილს,
მაგრამ ეს ლექსი არის ნამდვილი:
მე დაჭრილი ვარ, როგორც ხოხობი
და თბილისში ვარ ჩამოვარდნილი.

გრიგოლ აბაშიძე


თბილისი

(შემოკლებით)

მიყვარს, თბილისო,
დასაფიცარო,
შენი ცა, შენი მიწა ქართული,
შენი საღამო,
შენი ცისკარი,
მთები - დარაჯად წამომართული.

მეწამულ დროშით
განათებულო,
სულ გაზაფხულის და მზის ბანაკო,
დიდება შენდა,
ტკბილო მშობელო,
შენ - საქართველოს დედაქალაქო!



ალექსანდრე აბაშელი

უცნაური ამბავი(1926)

თბილისის ღამეს შიში სწვივია:
ამბავი მოაქვს მტკვარს უცნაური, -
ავჭალას ცეცხლი შემოხვევია,
ანთებულ რკინის ისმის ხმაური.

დაირღვა ძილი და მყუდროება,
მიეცა ღამე ჟრიამულს უჩვევს;
ნაძვის სვეტები თეთრ ურდობად
შემოესია თბილისის ქუჩებს.

და დაირაზმა შიშველ სვეტების
რკინის ფეხებზე შემდგარი ჯარი,
დატყვევებული ცეცხლის წვეთები
რომ დაარიგოს მეტის სიჩქარით.

ის ავჭალიდან სინათლეს ელის
და მთელი ღამე არ დაიძინებს;
შუშის კბილებით უჭირავს ქსელი,
სადაც მორჩილი ელვა იდინებს.

როცა სვეტები გადაიქცევა
ათასი მთვარის ეშაფოტებად,
სნეული ჩრდილი ცად აიწევა,
იმატებს ღამის გაბოროტება,

ვერას გახდება - ბევრიც იბრძოლოს,
და რომ ინათებს დილა სისხამი,
წავა და სადმე ქალაქის ბოლოს
თავს ჩამოიხრობს თბილისის ღამე.

*********

ნუ მწერ
თ.მ. . . .ს

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს,

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

…წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენც, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.

ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარი
ფერებით ყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.

მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვთ გულების საამო ფეთქვა
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -

გეტყვი, რომ მოვედ ბროლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების.

მირზა გელოვანი


(1913)

გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო!

გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო,
დაკარგული შენი შვილი მოვედი,
საქართველოს მიწა-წყალო, ალაგო,
თორმეტი წლის გატანჯული მოვედი.

მთაო წმინდავ, მამა დავითისაო,
შენ, დარაჯო ქალაქ თბილისისაო,
წმინდა მიწავ, უკვდავ მწერლებისაო,
მათ საფლავზე სალოცავად მოვედი.

ჩვენო ციხევ, ძველო ნარიყალაო,
საქართველოს ძველო მკვიდრო ძალაო,
შენი შვილი პოლშის ციხემ მმალაო,
სისხლგამშრალი სალოცავად მოვედი.

დიდო ზარო, ჩვენი სიონისაო,
ნატრული ვარ შენ დიდებულ ხმისაო,
ჩვენო მტკვარო, ძმაო რიონისაო,
ნაწამები საბანაოდ მოვედი.

ძმანო ჩემნო: ჰაოს, ქართლოსისაო,
გატანჯულსა მიცნობთ დიდი ხნისაო,
გაყიდული ორპირ მეგობრისაო,
გამარჯობათ! იეთიმ გურჯი მოვედი!

იეთიმ გურჯი



თბილისს

შენ დედა ხარ, შენ მამა ხარ,
კლდეა შენი ბალავარი,
ვერასოდეს ვერ დალახვრა
მტერმა შენი გალავანი.
შენს ბეჭებზე, შენს გულ-მკერდზე
გაუშლია ფრთები ბანებს,
მე - მიმინო ხოხობს ვეძებ,
ჩემს სიყვარულს ვუთვალთვალებ.
შენი პურით დამაპურე
და შენმა რძემ გამომკვება,
სიკვდილამდე მიმსახურე,
ვიდრე ხმა არ ჩამიწყდება.
ღრმად, მიწაში გადგმულია
შენი მტკიცე ბალავარი,
მეც პატარა აგური ვარ
შენი ურყევ გალავანის.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 17566 | დაამატა: adjara | ტეგები: .............. | რეიტინგი: 4.0/9
სულ კომენტარები: 2
2 best2001  
0
Hi

1 adjara  
0

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]